არ ცხრება დისკუსია „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელის ლუის ენრიკეს ირგვლივ. 13 ივლისს, ნიუ იორკის MetLife Stadium-ზე, კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში „ჩელსისთან’’ 0:3 წაგების შემდეგ, მან ლონდონელთა ბრაზილიელ თავდამსხმელს, 23 წლის ჟოაო პედროს ხელი გაარტყა. როგორ დასჯიან ესპანელს?
ფიფას ჯერ არ გადაუწყვეტია რას გააკეთებს. ერთი ფაქტია, ლუის ენრიკეს წითელი ბარათი არ მიუღია ანუ ყველაფერი თავიდან ბოლომდე სადისციპლინო კომიტეტის ხელშია. არსებობს ფიფას სადისციპლინო კოდექსის 56.2 პუნქტი, რომელშიც წერია: „სადისციპლინო კომიტეტი უფლებამოსილია პირს დააკისროს სანქციები იმ შემთხვევაში, თუ მატჩის ოფიციალურ პირებს მის მიერ ჩადენილი სერიოზული დარღვევები გამორჩათ’’.
შესაბამისად, მე-14 სტატიის I პარაგრაფის თანახმად ესპანელ მწვრთნელს ესადაგება სასჯელი: „მინიმუმ სამი მატჩით ან სხვა შესაბამისი ვადით მეტოქეზე ან მსაჯის გარდა ნებისმიერ პირზე თავდასხმის, მუშტის, იდაყვის, თავის, წიხლის დარტყმის, კბენის ან მიფურთხების გამო’’.
არსებობს პრეცედენტი. 2025 წლის 29 იანვარს „გვადალახარას’’ მწვრთნელმა ოსკარ გარსიამ „კლუბ ლეონის’’ კოლუმბიელ ფეხბურთელს ხამეს როდრიგესს დაარტყა, რის გამოც 31 იანვარს მას სამდღიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
რა მოხდება ლუის ენრიკეს შემთხვევაში? ამ თემაზე ყველაზე მეტად ესპანური პრესა აქტიურობს, ოღონდ როგორც ჩანს არა იმიტომ, რომ თანამემამულეს იცავს, არამედ იმიტომ, რომ წარმოიდგინა რა ამბავი ატყდებოდა მსოფლიოში მოწინააღმდეგისთვის ხელი „რეალის’’ ფეხბურთელ ვინისიუს ჟუნიორს ან ყოფილ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუს რომ გაერტყა.
იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დასჯიან ლუის ენრიკეს თავისი შეხედულება აქვს „მარკას”. მადრიდული გამოცემა წერს, რომ სავარაუდოდ ფიფა პსჟ-ს თავკაცს მცირე ფინანსურ სასჯელს დააკისრებს, ხოლო რაც შეეხება დისკვალიფიკაციას ერთ ან ორ მატჩს გამოატოვებინებს, ოღონდ… ოთხი წლის შემდეგ, კლუბთა მეორე მსოფლიოს ჩემპიონატზე. თუმცა, მანამდე ყველას ყველაფერი დაავიწყდება და დასჯას სავარაუდოდ აზრიც აღარ ექნება. ანკი, საერთოდ მიიღებს ლუის ენრიკე იმ შეჯიბრებაში მონაწილეობას?
