ჩვენები ნახევარფინალში

ჩვენები ნახევარფინალში

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგა პრო დ2-ში პლეი-ოფი დაიწყო, რომლის შედეგადაც აღნიშნული ტურნირის ჩემპიონის და, შესაბამისად, ტოპ 14-ში აღზევებულის ვინაობა გამოვლინდება. გარდა ამისა, პლეი-ოფის ფინალში დამარცხებული ერთმატჩიან დაპირისპირებაში ტოპ 14-ში ბოლოსწინა ადგილზე გასულ „პერპინიანს“ შეერკინება და აქ გამარჯვებული კი მომავალ სეზონს მთავარ ფრანგულ ლიგაში გაატარებს.

ხუთშაბათს ვანო კარკაძისა და ვასილ ლობჟანიძის  „ოიონაქსმა“ ილია სპანდერაშვილის „ვალანს რომანს“ უმასპინძლა და 39:14 დაამარცხა, არადა ამ უპირატესობას ბოლო 20 წუთში მიაღწია. მე-60 წუთამდე ანგარიში 20:14 იყო და ოიონაქსელებმა თამაშის დასკვნით მესამედშიღა გატეხეს სტუმართა წინააღმდეგობა.

თამაშის დებიუტში „ვალანს რომანი“ სპანდერაშვილის აქტიურობის წყალობით დაწინაურდა – მეტოქემ წესების დარღვევით წააქცია და ეს მოხდა კარის გასწვრივ დასარტყმელ დისტანციაზე. სტუმრები 3:0 დაწინაურდნენ, მერე „ოიონაქსმა“ გაათანაბრა, ხოლო 33-ე წუთზე „ვალანს რომანმა“ მორიგი მძლავრი მოლი ააგორა, რომლის პირველი დარტყმა მასპინძლებმა კი შეაჩერეს, მაგრამ მეორე ტალღას სპანდერაშვილმა ულიდერა, ვის სიმძლავრესაც დამცველები ვეღარ გაუმკლავდნენ. ეს იყო ილიას მე-3 ლელო სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში.

სპანდერაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ოიონაქსელებში სასტარტო კვაჭი ვანო კარკაძე იყო, რომელმაც მოედანზე 62 წუთი დაჰყო, ვასილ ლიბჟანიძე კი მარქაფიდან 48-ე წუთზე გაააქტიურეს.

ერთი კვირის შემდეგ, 28 მაისს „ოიონაქსი“ ნახევარფინალში ვანს ესტუმრება, სადაც მიხეილ ალანიას გუნდთან ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს.