„პარი სენ ჟერმენმა’’ შინ წააგო „ლიონთან’’ (1:2) და „პარიზიენმა’’ ამასთან დაკავშირებით დაწერა: „შემადგენლობაში ექვსი ცვილების მიუხედავად გუნდი კვლავ „ლივერპულზე’’ ფიქრობდა. ფეხბურთელები რეალობიდან უცნაურად გარიყულები ჩანდნენ და ამის გამო „ლიონმა’’ სინი მე-6 წუთზევე დასაჯა…’’.
მართლა იმის ბრალი იყო პსჟ-ს ფეხის დაცდენა, რომ გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული თუ არა, ფაქტია, რომ მე-18 წუთზე აფონსო მორეირამ იმავე ენდრიკის პასით მეორეც შეაგდო. პარიზელებმა თავიანთი ერთადერთი საპასუხო გოლი 90+4 წუთზე გაიტანეს – ეს შეცვლაზე 59-ე წუთზე შესულმა ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი საფირმო გარღვევითა და დარტყმით შეძლო. მანამდე, 33-ე წუთზე გონსალო რამუშმა პენალტი ვერ გაიტანა, სლოვაკმა მეკარემ დომინიკ გრეიფმა აუღო.
კვარაცხელია, როგორც მოგახსენეთ, თამაშში ბოლო ნახევარი საათით ჩაერთო და გოლის გარდა რამდენიმე ეფექტური გარღვევითაც დაგვამახსოვრა თავი.
პარიზელთა მარცხმა ჩემპიონობისთვის ბრძოლა თავიდან გახსნა. 30 ტურის შემდეგ პსჟ, რომელსაც 28 მატჩი აქვს ჩატარებული, 29 მატჩიან „ლანსს’’ ერთი ქულით უსწრებს. ამ შედეგმა გააცხოველა ლიგა 1-ში ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილისთვის კონკურენციაც.
კვარაცხელიას თამაში რამდენიმე საიტმა ასე შეაფასა:
flashscore – 7.6 (მესამე შეფასება პაჩოსთან და ერნანდესსთან ერთად); whoscored – 7.8 (საუკეთესო შეფასება თავის გუნდში); sofascore – 8.4 (საუკეთესო შეფასება თავის გუნდში); formob – 8.0 (საუკეთესო შეფასება თავის გუნდში).