მეცხრე ამბავი

მეცხრე ამბავი

სარაგბო ნოემბერიც დადგა. თუკი აქამდე ეს თვე მსოფლიო რაგბისთვის ტესტ-მატჩების სეზონი იყო, ამიერიდან ნოემბერი „მსოფლიო რაგბის ჩემპიონატის და ერთა თასის მატჩებით იქნება დაკავებული.

საქართველოს ბორჯღალოსნები ხსენებულთაგან მეორე ტურნირში – ერთა თასზე ასპარეზობენ და შეჯიბრების 6 მატჩიდან საწყისი 3-ის მოგებით, ჩვენი ნაკრები ევროპა-აფრიკა-აზიის ექვსეულში 14 ქულით ლიდერობს. ტურნირის ფორმატი ისეთია, რომ აღნიშნული პულის მონაწილეები 6 მატჩს ამერიკა-წყნარი ოკეანის რეგიონის ჯგუფის წევრებთან მართავენ და ივლისის სესიაზე ქართველებმა სამხრეთ ამერიკაში ურუგვაი, სამოა და ჩილე დაამარცხეს, ნოემბერში კი თბილისში მიყოლებით კანადას, ტონგასა და აშშ-ს უმასპინძლებენ.

პირველი მატჩი უკვე შაბათსაა. 7 ნოემბერს, საღამოს 6 საათზე სტადიონ „ავჭალაზე“ პიერ-ანრი ბრონკანის რაზმი კანადის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, რომელმაც შეჯიბრების პირველი სამი მატჩიდან ერთი მოიგო, ერთი წააგო და ერთიც ფრედ დაასრულა. ზოგადად, ეს გუნდი ბორჯღალოსნებზე მნიშვნელოვნად დაბალი დონისაა, რეიტინგშიც კი მესამე ათეულშია (22-ე), ხოლო საქართველოს ნაკრები ერთა თასის 12 მონაწილეს შორის ყველაზე მაღალი, მე-13 ადგილის მფლობელია მსოფლიო რეიტინგში.

რაც შეეხება შემადგენლობას: ქართველთა ფრანგმა დამრიგებელმა სასტარტო შემადგენლობაში ერთი დებიუტანტი შეიყვანა, ერთიც შეხვედრაში მარქაფიდან ჩაერთვება. „შავი ლომის“ ნორჩი შუამარბი ლუკა ტაბატაძე საწყის 15-ეულში უკანა ხაზის ცენტრში თორნიკე კახოიძეს შეუწყვილდება, ხოლო პარიზული „რასინგ-92“-ის 2-მეტრიანი მეორეხაზელი გაგი მარგველაშვილი შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს.

თავდაპირველად გამოძახებულთაგან ლაშა ფხაკაძემ და გიორგი მელიქიძემ ტრავმები მიიღეს და მატ ნაცვლად გაფართოებულ რაზმში ნიკა აბულაძესა და ბექა გიგაშვილს უხმეს. ეს უკანასკნელი სულაც მომავალი მატჩის განაცხადში სამარქაფო ბურჯად გამწესდა.

რაც შეეხება დაპირისპირების ისტორიას, საქართველოსა და კანადის სარაგბო ურთიერთობა 2009 წელს დაიწყო და 2025 წლის ჩათვლით 8 მატჩიც შედგა. ბორჯღალოსნებმა 5 მოიგეს, „კენაქსმა“ – 3. ესაა და ეს. დანარჩენს ავჭალაში ვიხილავთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კანადასთან მატჩში:

1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 22 კეპი, 5 ქულა), 2. ვახტანგ ჯინჭარაძე (შავი ლომი, 2, 10), 3. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეტერი, 7, 15), 4. ვლადიმერ ჩაჩანიძე (შავი ლომი, 36, 5), 5. გიორგი ჯავახია (ანგულემი, 29, 20), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი, 33, 35), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 57, 25), 8. ბექა შვანგირაძე (ლიონი, 9, 10),  9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 107, 98), 10. ლუკა მატკავა (ოიონაქსი, 40, 306), 11. დაჩი პაპუნაშვილი (მონტობანი, 6, 12), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 23, 30), 13. ლუკა ტაბატაძე (შავი ლომი, 0, 0), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 63, 260), 15. დავით ნინიაშვილი (კაპიტანი, ლა როშელი, 51, 114).

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (ოიონაქსი, 32, 55), 17. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, 3, 0), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 47, 20), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგ-92, 0, 0), 20. მიხეილ შიოშვილი (ტულონი, 1, 5), 21. ილია სპანდერაშვილი (ვალანს რომანი, 23, 30), 22. გელა აფრასიძე (ანგულემი, 66, 65), 23. გიორგი შველიძე (ბრივი, 9, 5).

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.