ვიდრე მსოფლიო სარაგბო თემი სანაკრებო ნოემბერზე გადაერთვებოდა, ევროპის წამყვან შიდა ჩემპიონატებში კალენდარული ტურები გათამაშდა და ტოპ 14-ის, პრო დ2-ისა და პრემიერშიპის ჯამურ ანგარიშში გასულ უქმეებზე 44-მა (18+23+3) ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა.
ტოპ 14
ლიდერი კვლავაც მოქმედი ჩემპიონი „ტულუზია“, რომელსაც 28 ქულა აქვს, ევროპის საკლუბო ჩემპიონ „ბორდოს“ ქულით ნაკლები აქვს, „პო“ კი ლიდერს 2 ქულით ჩამორჩება.
არადა, ბექა გორგაძისა და გურამ პაპიძის გუნდმა გასულ ტურში სწორედ „ტულუზი“ დაამარცხა (34:14) და ამ მატჩში თავი „პოს“ ქართველმა კაპიტანმა ისახელა. „ბექსონა“ პირად მაგალითს აძლევდა თანაგუნდელებს, თამაშს განუწყვეტლივ ამწვავებდა და ბოლო შეტევაში თავადაც გაიტანა ლელო, რომელიც მისთვის მიმდინარე სეზონის 7 მატჩში მე-3 იყო, ხოლო ტოპ 14-ის 112-ე მატჩში მე-20 გახლდათ. მოქმედ ქართველ მორაგბეთაგან მეტი მხოლოდ დავით ნინიაშვილს აქვს – 28.
„ბორდომ“ კი „ბაიონს“ საკუთარ მოედანზე დიდი გაჭირვებით სძლია – 19:14. ბორდოელთა შორის მეორე ტაიმში ლაშა ფხაკაძე გამოჩნდა და ეს მისთვის უკვე მე-5 მატჩი იყო ტოპ 14-ის ეგიდით. ახალგაზრდა ბურჯი სანაკრებო დებიუტისთვის ემზადება.
აი, გიორგი მელიქიძეს კი არ გაუმართლა. მისმა „სტად ფრანსემ“ დავით ნინიაშვილისა და ალექსანდრე ქუნთელიას „ლა როშელს“ ბონუსით სძლია – 43:24, თავად მელიქიძემ კი მე-10 წუთზე ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ ნაკრებსაც გამოაკლდება. ვინ იცის, იქნებ მისი ადგილი სანდრო ქუნთელიამ დაიკავოს, რომელიც გაფართოებულ სიაში ვერ მოხვდა, თუმცა პარიზელებს ეფექტური ლელო კი დაუდო – 42-ე წუთზე დერეფნიდან მოწოდებული ბურთი მიიღო და პარტნიორის დახმარებით, ხელისკვრითა და მძლავრი ჯიკაობით მიზნამდე გზა გაიკვალა. ეს იყო სანდროს პირველი ლელო მიმდინარე სეზონში, სულ კი მას ტოპ 14-ში უკვე 77 მატჩი და 4 ლელო აქვს.

ცხრილის მე-4 საფეხურზე ლუკა ჯაფარიძის „მონპელიე“ ავიდა, რომელმაც „კასტრს“ შავი დღე აყარა – 69:10. ასევე 23 ქულა „ლიონსაც“ აქვს, რომელმაც ბექა საღინაძის, მისი სეხნია შვანგირძისა და ირაკლი აფციაურის მონაწილეობით იოანე იაშაღაშვილის „ვანს“ ბონუსით მოუგო – 48:25. ვანელები ცხრილის ფსკერზე 5 ქულით დარჩნენ, ხოლო მოწინავე ექვსეულს ბექა გიგაშვილისა და მიხეილ შიოშვილის „ტულონი“ ასრულებს, რომელმაც „პერპინიანს“ სტუმრად 25:24 სძლია და 21 ქულას მოუყარა თავი.
პრო დ2
„ბეზიემ“ კვლავ წააგო – ამჯერად შინ „გრენობლთან“ 25:27 დათმო. ბორჯღალოსანი ბურჯი ლუკა გოგინავა პრო დ2-ში 173-ე მატჩს ატარებდა და თამაშის 59-ე წუთზე ლელო მიითვალა, რომელიც მის კარიერაში მე-13 იყო. ამ მომენტამდე 3 წუთით ადრე კი „ალპელთა“ ქართველმა ბურჯმა გიორგი პერტაიამ წითელი ბარათი მიიღო – 48-მატჩიან კარიერაში პირველი. ერთ კვირაში ამ ინციდენტს სადისციპლინო კომისია განიხილავს და იქ გაირკვევა, რამდენკვირიან დისკვალიფიკაციას მიიღებს პერტაია.
სხვა ლიგებისგან განსხვავებით, პრო დ2-ში ამ კვირის ბოლოს მორიგი ტური ელის
პრემიერშიპი
პრემიერშიპში მე-5 ტური შედგა, რომელშიც ნიკა აბულაძემ თავის უცხოურ კარიერაში პირველი ლელო იზეიმა. ეს მოხდა მისი „ექსეტერისა“ და „ჰარლიქუინზის“ შეხვედრის 38-ე წუთზე. აბულაძემ, როგორც ითქვა, პირველი ლელო გაიტანა, ამისთვის კი მას ინგლისის ჩემპიონატის 12 მატჩი დასჭირდა. შეხვედრის ბოლო 24 წუთი ბაჩუკი ჭუმბაძემაც ითამაშა. თამაში კი ლონდონელთა გამარჯვებით დასრულდა – 31:28. „ექსეტერი“ 10 ქულით ბოლოსწინა ადგილზე დაეშვა.
ლუკა ივანიშვილის „ბრისტოლმაც“ წააგო – შინ ლიგის ლიდერ „ლესტერთან“ მხოლოდ სანუგეშო ბონუსს შეწვდა – 16:22. „ბრისტოლი“ ცხრილის მე-6 საფეხურამდე ჩამოქვეითდა.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 20:29კაპიტან გორგაძის 20
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 16:01მატკავას ქულები და 7 ლელო
აქეთურ-იქითური21/10/2026 | 21:49ბრონკანის სანოემბრო 36
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:43ნინი, გელა და მატკავა-შოუ
