ლუის ენრიკემ „პარი სენ ჟერმენს“ ისეთი ტიტულები მოაგებინა, რომ მისი ადგილი ამ კლუბის ისტორიაში ისედაც ცხადი იყო, მაგრამ „ლე ავრთან“ შეხვედრაში მან თავისი პოზიცია სტატისტიკითაც განიმტკიცა – ეს იყო ესპანელის 127-ე გამარჯვება პარიზული გუნდის თავკაცის რანგში. აქამდე ყველაზე მეტი თამაში ლორან ბლანს ჰქონდა მოგებული – 126. ბლანი პსჟ-ს 2012-2016 წლებში ედგა სათავეში.
ესპანელი საფრანგეთის დედაქალაქში 2023 წელს გადავიდა და რეკორდი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, 188 შეხვედრაში დაამყარა. ეს იმას ნიშნავს, რომ „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა თამაშების 67.5% მოიგო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი უნაი ემერის, თომას ტუხელისა და ლორან ბლანის მაჩვენებლებზე ნაკლებია, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით პსჟ-მ ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

პარიზული კლუბისა და ესპანელი მწვრთნელის თანამშრომლობა დასრულებისგან ჯერ შორს არის. წლეულს, 4 სექტემბერს მხარეებმა ახალი კონტრაქტი გააფორმეს, რომლის თანახმადაც ლუის ენრიკე მარტინეს გარსიამ „პარკ დე პრენსზე“ 2030 წლამდე უნდა დაჰყოს.
„პარიზში კლუბსა და ფანებთან გულითადი კავშირი მაქვს. უცხოელი ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ ქალაქთან მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ვიქნები დაკავშირებული“, – თქვა ლუის ენრიკემ პსჟ-ს ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 07:00ლუის ენრიკე პსჯ-ს ისტორიაში
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
მთავარი ამბავი31/10/2026 | 08:14ხვიჩა პირველ ადგილზე მარტო ბზიკაძემ და ბერძენმა დაწერეს
აქეთურ-იქითური30/10/2026 | 09:29ფრანგული საიტი თორნიკეს შესახებ
