მაშ ასე, გასაჯაროვდა „ფრანს ფუტბოლის“ ჟიურის წევრი 100 ჟურნალისტის ანკეტები და ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ადგილი მხოლოდ ქართველმა ვახტანგ ბზიკაძემ და მისმა ბერძენმა კოლეგამ მიანიჭეს. ეს გულშემატკივართა უმრავლესობისთვის ალბათ მოულოდნელი იყო (საქართველოში მაინც), ისევე როგორც ბევრი რამ, რაზეც ფრანგულმა პორტალმა footmercato-მ გაამახვილა ყურადღება.
როგორც ცნობილია „ოქროს ბურთი“ მოიგო „ბაიერნის“ ინგლისელმა თავდამსხმელმა ჰარი კეინმა, რომელმაც 1055 ქულა დააგროვა. მან მხოლოდ და მხოლოდ 28 ქულით გაასწრო კილიან მბაპეს (1027). მესამე პოზიცია 881 ქულით დაიკავა ლამინ იამალმა.

ბერძენ ჟურნალისტს, რომელმაც პირველ ადგილზე ხვიჩა დაწერა, ფრანგული პორტალის აზრით ფეხბურთის ორიგინალური ხედვა აქვს. მეორეზე მან ჩაწერა როდრი, მესამეზე ვილიან პაჩო, ხოლო კეინისთვის, რომელმაც მისი კოლეგები აღაფრთოვანა, მეშვიდე ადგილი გაიმეტა. ბერძენი ჟურნალისტის ათეულში არც ოსმან დემბელეა, არც მბაპე და არც იამალი.
უკრაინელმა კოლეგამ პირველ ადგილზე დაწერა… ფაბიან რუისი. მან მეორეზე გაიყვანა პაუ კურბასი და მესამეზე კვარაცხელია. მბაპე არც მან ჩაწერა ათეულში. მისთვის იამალი მეშვიდეა, ხოლო კეინი მეცხრე.
კურასაოელმა პირველ ადგილზე მაიკლ ოლისე დაასახელა. სხვას ოლისე პირველზე არ დაუწერია.
footmercato-მ ყურადღება მიაქცია, რომ კოტ დ’ივუარელმა და მექსიკელმა ჟურნალისტებმა ათეულში ჰარი კეინისთვის ვერ გამონახეს ადგილი.
ლამინ იამალი ათეულში შეყვანის ღირსად არ მიიჩნიეს კამერუნელმა, ხორვატმა (მის სიაში ვერც კვარაცხელია მოხვდა) და ბელარუსმა.
კამერუნელს და ჩეხს კეინი მეათეზე ჰყავთ ჩაწერილი.
საინტერესოა, რომ ხორვატმა, რომლის სახელი გა გვარია ზდრავკო რეიჩი, მოგვიანებით მოდიშის მაგვარი მოიხადა – შემეშალა, კეინისთვის მეტი ყურადღება უნდა მიმექციაო, თუმცა იამალთან დაკავშირებით მტკიცედ დარჩა თავის პოზიციაზე. რეიჩს არ მოეწონა, თუ როგორ ითამაშა ესპანელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე.
footmercato-ს ეჭვი აქვს, რომ ბევრმა ჟურნალისტმა ეროვნული ან რეგიონული პატრიოტიზმი გამოამჟღავნა. ასე მაგალითად, კოლუმბიელმა პაჩე ანდრადემ პირველ ადგილზე თანამემამულე ლუის დიასი დაწერა. მან მეორეზე გაყვანა ეკვადორელი ვილიან პაჩო, ხოლო მესამეზე ისევ თავისი თანამემამულე ხულიან კინიონესი ჩაწერა, რომელიც საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ქადსიასა“ და მექსიკის ნაკრებში თამაშობს.
ფრანგული საიტის მინიშნებით, რეგიონული პატრიოტიზმით არის ნაკარნახევი ბერძენი ჟურნალისტის გადაწყვეტილებაც, პირველ ადგილზე დაეწერა კვარაცხელია.
ვიეტნამელს როდრი ჰყავს პირველზე, ეკვადორელს ფრანგები – მბაპე, ოლისე და დემბელე.
მეექვსე ადგილზე გასულმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო 541 ქულა. ქართველი 71 ქულით ჩამორჩა ლეო მესის და მან 123 ქულით გაუსწრო თანაგუნდელ ოსმან დემბელეს.
შეგახსენებთ, რომ პირველი ადგილი იძლეოდა 15 ქულას, მეორე – 12 ქულას, მესამე – 10 ქულას, შემდეგ კი მოდიოდა 8,7,6,5 და ასე შემდეგ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
მთავარი ამბავი31/10/2026 | 08:14ხვიჩა პირველ ადგილზე მარტო ბზიკაძემ და ბერძენმა დაწერეს
აქეთურ-იქითური30/10/2026 | 09:29ფრანგული საიტი თორნიკეს შესახებ
მთავარი ამბავი30/10/2026 | 07:50კვერნაძემ ბრწყინვალედ ითამაშა
