მბაპე ხალხს უზარმაზარ ფულს აკარგვინებს

მბაპე ხალხს უზარმაზარ ფულს აკარგვინებს

ორშაბათს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კილიან მბაპე მაო ძედუნს დიქტატორს უწოდებს. სკანდალმა რამდენიმე დღეში დიპლომატიური კრიზისის სახე მიიღო. ის, რომ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ამ დაუფიქრებელი ნათქვამის გამო მატერიალურად იზარალებს, ფაქტია: ბევრმა ჩინურმა კომპანიამ მასთან სპონსორული კონტრაქტი უკვე გაწყვიტა. „პარიზიენი“ წერს, რომ ისტორიას შეიძლება სხვა გაგრძელებაც ჰქონოდა.

პარიზის მაღალი დონის დიპლომატიურ წრეებში იმედოვნებენ, რომ მბაპეს ბოდიშმა ვნებათაღელვა დააცხრო და საფრანგეთსა და ჩინეთს შორის დაძაბულობა აღარ წარმოიშვება. ოთხშაბათს ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ფეხბურთელის მონანიება სერიოზულად მიიღო ანუ სიტუაციის დეესკალაციისთვის მზად არის. ეს რასაკვირველია კარგია, მაგრამ ჩინეთის საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც ვერ წყნარდება. მისმა ბევრმა გულშემატკივარმა სოციალურ ქსელებში დაპოსტა ვიდეო, რომელზეც „რეალის“ ფორვარდის მაისურს წვავს.

რაკი მბაპე მადრიდის გუნდის ფეხბურთელია, სკანდალი მტკივნეულად შეეხო ესპანეთსაც. მდგომარეობის განმუხტვა სცადა ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა. ტებასი საქმეში მას მერე ჩაერია, რაც მედიაგიგანტმა GMG-მ გამოაცხადა, რომ ჩინეთში ესპანეთის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაციებს წყვეტს, რაც წელიწადში 100 მილიონი ევროს დაკარგვას ნიშნავს.

სამშაბათს ტებასმა GMG-ს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ფეხბურთელის საქციელს მიუღებელი უწოდა. იმავე საღამოს ის შეხვდა ჩინეთის ელჩს ესპანეთში. ესპანური მედია წერს, რომ ამ შეხვედრის დროს გაჩნდა ტებასის პეკინში გამგზავრების იდეა.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რაფაელ ლოუსანმა თავის მხრივ სცადა ხაზი გაესვა ფეხბურთელის ბოდიშისთვის და ეთქვა, რომ მისი მონანიება ძალიან მნიშვნელოვანია. იმავდროულად მან ჩინელებს შეახსენა, თუ რა მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ მათი ქვეყნების ფეხბურთის და მისი გაწყვეტა არ ეგების.

ამ არგუმენტებმა GMG-ს ჯერჯერობით გული ვერ მოულბო. მაუწყებელმა ოთხშაბათს დილით კიდევ გაიმეორა, რომ ჩინეთში ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრების ტრანსლაციას დროებით წყვეტს.

საგანგებო განცხადებით ჩინელ ხალხს ბოდიში მოუხადა „რეალმაც“. კლუბმა თქვა, რომ უდიდეს პატივს სცემს ამ ხალხის კულტურას და ისტორიას. „ლოს ბლანკოსმა“ ხაზი გაუსვა, რომ ფეხბურთელმა მართალია ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ბოდიში მოიხადა.

„რეალს“ ჩინურ კომპანიებთან მრავალი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და როგორც ევროპული მედია წერს, ჯერჯერობით მათ საფრთხე არ ემუქრება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.