ინგლისი და გერმანია ხარობენ, იტალია კი კეინს ერთ ჩეულებრივ ვარსკვლავს უწოდებს

ინგლისი და გერმანია ხარობენ, იტალია კი კეინს ერთ ჩეულებრივ ვარსკვლავს უწოდებს

თვეების განმავლობაში კამათისა და მარჩიელობის შემდეგ გაირკვა 2026 წლის „ოქროს ბურთის“ ლაურეატის ვინაობა. ჯილდო 33 წლის ინგლისელმა თავდამსხმელმა ჰარი კეინმა მოიგო. მეორე ადგილზე გავიდა ფრანგი კილიან მბაპე, ხოლო მესამეზე, ხოლო მესამეზე ესპანელი ლამინ იამალი.

ბრიტანეთში კეინის გამარჯვებას ბუნებრივია ყველა დიდი სიხარულით და აღტაცებით შეხვდა. „გარდიანმა“ დაწერა, რომ ეს გამარჯვება ინგლისის 25-წლიანი ლოდინის დასასრული იყო. შეგახსენებთ, რომ აქამდე ბოლო ინგლისელი, რომელმაც „ფრანს ფუტბოლის“ ჯილდო მოიგო გახლდათ მაიკლ ოუენი. მან 2001 წელს გაიმარჯვა. გაზეთი წერს, რომ კეინი აღიარებას სრულიად იმსახურებდა. მისი აზრით ეს იყო სამართლიანი დაგვირგვინება წლისა, რომლის განმავლობაშიც თავდამსხმელი გახდა „ოქროს ბუცის“ მფლობელი და „ბაიერნის“ შემადგენლობაში მოიგო გერმანიის ჩემპიონის ტიტული. ამას ემატება ფრაზა „წარმატებული გამოსვლა“ ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში, ოღონდ ამ ფრაზის მიღმა დაკონკრეტებული არ არის კერძოდ რომელ წარმატებაზეა ლაპარაკი.

„სანმა“ თავისებური სათაური გამოაცხო: Yes he Kan! (რაც ნიშნავს: „დიახ, მას შეუძლია!“, ოღონდ სიტყვა „შეუძლია“ წერია ისე, რომ კეინის გვარის პირველი სამი ასო გამოდის); „დეილი მეილმა“ კეინს უწოდა მოკრძალებული სუპერვარსკვლავი, რომელსაც ყოველთვის უჯობს ჩრდილში დარჩეს; „ტელეგრაფმა“ „გარდიანივით“ 25 წელზე ილაპარაკა, ხოლო BBC-მ დაწერა, რომ კეინმა საუცხოო ინდივიდუალური შედეგების გამო გაიმარჯვა.

კეინის წარმატება გაუხარდათ გერმანიაშიც, სადაც ინგლისელი ფორვარდი თამაშობს.

„ბილდმა“ დაწერა: „კეინის მესიჯი მსოფლიოს ყველა ვარსკვლავისთვის იყო ის, რომ „ოქროს ბურთის“ მოგება ბუნდესლიგიდანაც შეიძლება“. „სქაი სპორტ დოიჩლანდმა“ თქვა, რომ სანამ კეინის კონკურენტები (ალბათ მბაპე და იამალი იგულისხმა) პიარით იყვნენ დაკავებულები, კეინი თავისი შედეგებით ლაპარაკობდა. შემდეგ ტელეარხმა საინტერესო აზრი განავითარა: „მან ისარგებლა იმითაც, რომ გასული სეზონის მთავარი ტიტულები მოიგეს არა ვარსკვლავებმა, არამედ ძლიერმა გუნდებმა კოლექტიური ფეხბურთით. შედეგად, გერმანიის ჩემპიონობა და თასი კეინისთვის „ოქროს ბურთის“ მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა“.

ინგლისისგან და გერმანიისგან სრულიად განსხვავებული ტონალობის წერილები დაიწერა ესპანეთში, განსაკუთრებით კი კატალონიაში.

„მუნდო დეპორტივო“: „მას არც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში უთამაშია და არც ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ბუნდესლიგა კი ევროპის ტოპ-5 ლიგას შორის მესამე ან მეოთხეა. რასაკვირველია კეინი დიდი ფეხბურთელია. ის ჩინებული მეგოლე და ფორვარდია. მისი ფეხბურთი მეტია, ვიდრე მხოლოდ ბურთის კარში შეგდება, მაგრამ ჯადოქარი ლამინ იამალია“.

მადრიდული გაზეთის „მარკას“ პირველ გვერდზე კი ყურადღება გამახვილებული იყო ზოგადად ესპანური ფეხბურთის ოქროს ეპოქაზე. კომპოზიციაში ექვს ესპანელ გამარჯვებულს შორის ცენტრალურ პოზიციაზე გამოხატული იყო ქალი-ფეხბურთელი ალექსია პუტელიასი, ხოლო ჰარი კეინის წარმატების შესამჩნევად გვერდის დათვალიერება დაგჭირდებოდათ.

AS კილიან მბაპეზე წერს ის მუდამ დაუფასებელიაო და შეგვახსენებს, რომ „რეალის“ ვარსკვლავი გამოკითხვაში იამალზე წინ გავიდა.

იტალიური „გაძეტა დელოს სპორტი“ კი მარტივად და გაასაგებად წერს, რომ წლეულს „ოქროს ბურთი“ ერთმა ჩვეულებრივმა ვარსკვლავმა მოიგო.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.