გასული კვირის მიწურულს ევროპის ქვეყნების ეროვნულ სარაგბო ჩემპიონატებში მორიგი ტური გაიმართა და მეტად სასიამოვნოა, რომ ტოპ 14-ში, პრო დ2-სა და პრემიერშიპში ჯამში 7 ქართული ლელო დაფიქსირდა. არც ლუკა მატკავას მარჯვე ფეხით დაგროვილი ქულები უნდა დავივიწყოთ.
ტოპ 14
„ვანმა“ სეზონში პირველი გამარჯვება მე-7 ტურში იზეიმა – „კლერმონთან“ 13-ქულიანი ჩამორჩენა დასკვნით 12 წუთში გააქრო და ამ ქამბექის ინსპირატორი იოანე იაშაღაშვილი გახლდათ. ქართველი მესამეხაზელი თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო და შეხვედრის ბოლომდე ამ მცირე დროში თავგანწირვითა და ქარიზმით თანაგუნდელებს ფრთები შეასხა, 68-ე წუთზე ხანგრძლივი შტურმი ლელოთი დაასრულა, ხოლო 78-ეზე, ვანელთა კიდევ ერთმა ლელო-გარდასახვამ ტოპ 14-ის აუტსაიდერს 27:26 მოაგებინა. ეს იყო იოს პირველი ლელო ტოპ 14-ში გამართულ მე-5 მატჩში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კლერმონელთა სასტარტო ბურჯმა გიორგი ძმანაშვილმაც ისახელა თავი – 47-ეზე სეზონში პირველი და კარიერაში მე-3 ლელო გაიტანა, თუმც, მისი გუნდი დამარცხდა და ქულას დასჯერდა. „ვანი“ კი, 5 ქულით კვლავ ბოლო, მე-14 ადგილზეა.
„ტულონმა“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „პოს“ ბონუსით სძლია – 41:20. ვეტერანი ბექა გიგაშვილი თამაშში 50-ე წუთზე ჩაერთო და სულ რაღაც 2 წუთში ლელო გაიტანა, რომელიც მისთვის სეზონში პირველი კი იყო, მაგრამ ტოპ 14-ში გამართულ 131 მატჩში _ მე-14, რაც მოქმედ ქართველთაგან მესამე მაჩვენებელია დავით ნინიაშვილისა და ბექა გორგაძის შემდეგ. ამ უკანასკნელმა „პოს“ ტრადიციულად უკაპიტნა.

კიდევ ღირსშესანიშნავი ის იყო, რომ ევროთასზე დებიუტის შემდეგ მათე ღურწკაიას პირველი მატჩის გამართვა ტოპ 14-შიც მოუხდა. 20 წლის ბურჯი შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა და არ იკითხავთ, ვის ნაცვლად? „კასტრის“ სასტარტო მარჯვენა ბურჯი ლევან ჩილაჩავა გახლდათ, რომელმაც ტოპ 14-ში 206-ე და „კასტრში“ მე-100 მატჩი ჩაატარა, „კასტრმა“ კი „სტად ფრანსეს“ 16:8 მოუგო.
პრო დ2
„მონტობანმა“ დიდწილად დაჩი პაპუნაშვილის საუცხოო თამაშის წყალობით გათამაშების ლიდერი „ოიონაქსი“ დაამარცხა – 24:23. სტუმართათვის ეს იყო სეზონში პირველი წაგება, მათი მგეზავი ლუკა მატკავა კი ამ ჯერზე 13 ქულის დაგროვებით შემოიფარგლა, თუმცა, ლიგის მთავარ მექულედ კი დარჩა.
„ანგულემმა“ „დაქსი“ ბონუსით – 49:7 დაამარცხა და მისი ლელოებიდან ერთ-ერთი ბორჯღალოსანმა მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ მიითვალა, რომელმაც რამდენიმე დამცველის წინააღმდეგობის მიუხედავად ბურთის ჩათვლის მოედანზე დადება მაინც მოახერხა. ეს იყო გიორგისთვის სეზონში მე-2, ხოლო პრო დ2-ში ჯამურ 141 მატჩში – 25-ე ლელო, რაც ლიგის ქართველთა შორის საუკეთესო შედეგია.

„ორიაკმა“ ასევე ბონუსით მაჩანჩალა „ნევერი“ დაამარცხა – 41:16. გამარჯვებულთაგან თავი კვლავაც ირაკლი მჭედლიძემ გამოიჩინა – სეზონში მე-4 ლელო გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგია მიმდინარე სეზონში ქართველ ლეგიონერთა შორის.
თორნიკე ჯალაღონიამ კი, მართალია, სეზონში პირველად გაიტანა ლელო, მაგრამ პრო დ2-ში მას უკვე 98 მატჩი და 17 ლელო დაუგროვდა. მისმა „პროვანსმა““ბეზიე“ უბრალოდ გაანადგურა – 54:3, ჯალაღონიამ კი 76-ეზე საოცარი ლელო გაიტანა – ბურთი ხაზიდან 15 მეტრში მიიღო, მიზნისკენ დაიძრა და გზად გადაღობებული მცველი ისეთი ბიძგით მოისროლა სადღაც შორს, რომ პუბლიკამ ხანგრძლივი ოვაცია მოუწყო. „პროვანსი“ „ოიონაქსს“ ქულებით გაუთანაბრდა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება.
პრემიერშიპი
ინგლისის ჩემპიონატში ქართული დერბი შედგა – ლუკა ივანიშვილის „ბრისტოლმა“ ნიკა აბულაძის „ექსეტერს“ უმასპინძლა და 20:7 დაამარცხა. ლუკა თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო და 78-ეზე ძალისმიერი ლელო გაიტანა, რომელიც მისთვის სეზონში პირველი იყო, ხოლო ჯამში პრემიერშიპში გამართულ მე-11 მატჩში მე-3 გახლდათ.

ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 16:01მატკავას ქულები და 7 ლელო
აქეთურ-იქითური21/10/2026 | 21:49ბრონკანის სანოემბრო 36
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:43ნინი, გელა და მატკავა-შოუ
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 20:52ავჭალაზე ჩაგდებული სტარტი
