„შავმა ლომმა“ 2026/2027 წლების სეზონი წარუმატებლად დაიწყო. ჩელენჯ თასის ახალი გათამაშების სტარტზე, რომელიც ხალხით თითქმის გავსებულ „ავჭალაზე“ შედგა, პროფესიულმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა უელსურ „ოსპრეიზს“ უმასპინძლა და უიმედოდ დამარცხდა – 14:39.
ეს 25-ქულიანი დეფიციტი არ ასახავს იმ სხვაობას, რომელიც გუნდების მზადყოფნის ხარისხში იგრძნობოდა. უელსური ფრენჩაიზის ავსტრალიელ მგეზავ ლოუსონ კრეიტონს კარში მეტი კონცენტრაციითა და მობილიზებით რომ ერტყა, ანგარიში უფრო გამანადგურებელი იქნებოდა – ხსენებულმა მორაგბემ 7-დან მხოლოდ 2 ლელო გარდასახა და უცნაურია, რომ მწვრთნელებმა ამ ფუნქციის შესრულება ვინმე სხვას არ დააკისრეს.
„შავ ლომს“ მხოლოდ ორი შეტევა გამოუვიდა ხეირიანად. პირველი – მე-19 წუთზე, როცა უკვე 0:10 ვაგებდით. ჩვენმა გუნდმა მოლით შეუტია და როცა ის შეჩერდა, ფრანგმა რეფერიმ ბურთის გამოტანა ბრძანა და „შავი ლომის“ ჭაბუკმა 9 ნომერმა გიორგი სპანდერაშვილმა გამოიტანა კი არა, ბურთიანად ისეთი სლალომი მოაწყო, რომ მთელმა „ოსპრეიზმა“ კისრისტეხითაც ვერაფერი გააწყო – გიორგიმ ნამდვილი სარაგბო შედევრი შექმნა. ერთი კაცის მიერ ამდენი მეტოქის დრიბლინგით გაცურება რაგბში უიშვიათესია, მაგრამ სპანდერაშვილმა ეს ბრწყინვალედ შეძლო. ფულბექმა ლუკა ცირეკიძემ უნაკლოდ გარდასახა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დავიდა – 7:10.

თითქოსდა, თამაში უნდა დალაგებულიყო, მაგრამ უელსელებს შეტევაში ყველაფერი გამოსდიოდათ, ქართველებს დაცვაში – თითქმის არაფერი, ხოლო წინ ყოველი წასვლა ჩვენი ბიჭების მიერ ბურთის დაკარგვით სრულდებოდა, ხშირად – აბსოლუტურად უწყინარ სიტუაციაში.
კიდევ ორი ლელოს გაშვების შემდეგ „შავი ლომის“ ჩამორჩენამ“ უკვე 15 ქულას უწია. შესვენების შემდეგ „ოსპრეიზმა“ კიდევ 3 ლელო გაგვიტანა და სამივე ჯერზე ქართველთა დაცვაში სრული ქაოსი სუფევდა. არადა, თუკი პირველ ტაიმში უელსელთა სასტარტო პირველი ხაზი აბდუშელიშვილი-ქვაღაძე-ხატიაშვილის ტრიოს წინააღმდეგობას ასე თუ ისე უწევდა, მეორე ტაიმში მამაიაშვილი-ჯინჭარაძე-ჩხარტიშვილის ტრიო სამარქაფო უელსელ მორკინალებს უკან სირბილ-სირბილით ახევინებდა. და მიუხედავად ამ კომპონენტში კოლოსალური უპირატესობისა, პიერ-ანრი ბრონკანის მიერ დამოძღვრილმა ქართველებმა შეტევაში ღირებული კვლავაც ვერაფერი შექმნეს.
„ქართველებმაო“ – ზემოთ ითქვა, თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს „შავი ლომის“ ისტორიაში პირველი ლეგიონერების უკბილო და უსახური თამაშიც – ვერც ამერიკელ-სამოელმა მაიკლ ქარიმ და ვერც სამოელ-ავსტრალიელმა პოტუ ლევაისამ ითამაშეს ისე, რომ შეგვეძლო გვეთქვა, „ქართველებს“ სჯობნიდნენო, არადა ეს ხომ მთავარი კრიტერიუმია, რატომაც აქამდე ქართულ რაგბში ლეგიონერებს არ მიესალმებოდნენ. უცხოელები ქართველებს იმდენად უნდა აღემატებოდნენ, რომ მათი აყვანა ნამდვილად ღირდეს. აკი დადასტურდა კიდეც – ლევაისას ადგილზე დამდგარმა ვეტერანმა ოთარ გიორგაძემ შეხვედრის მიწურულს თავისი მაღალი რენომე დაადასტურა, როცა მოლს ბურთიანად ისე ოსტატურად და მძლავრად მოწყდა, რომ დამცველებმა ოთიას თვალიღა გააყოლეს. ცირეკიძემ ესეც გარდასახა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 14:39. კიდევ ერთხელ მადლობა კრეიტონს, რომ 5 გარდასახვა ააცილა…
მომდევნო ტურში „შავი ლომი“ 13 დეკემბერს „სტად მაიოლს“ ესტუმრება, სადაც „ოსპრეიზზე“ საშიშ და დიად „ტულონს“ შეერკინება.

ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 20:52ავჭალაზე ჩაგდებული სტარტი
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:26შავი ლომის მეოთხე გამოწვევა
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:5337-კაციანი ლეგიონის ამბები
სიახლეები06/10/2026 | 02:10ფხაკაძის პირველი
