ნოემბრის სანაკრებო სეზონის პარალელურად, საფრანგეთში პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატი არ შეწყვეტილა და მე-11 ტურიც გათამაშდა.
მთავარი მოვლენა „ქართული“ „ორიაკის“ მსხვილი გამარჯვება გახლდათ, რომელსაც ამ გუნდმა საკმაოდ სოლიდურ „კოლომიესთან“ მიაღწია – 43:18.
ორიაკელთა სასტარტო შერკინების პირველი ხაზი სრულად ქართული იყო და გუნდის 7 ლელოდან 3 ჩვენებურებმა გაიტანეს. ჯერ იყო და, მარცხენა ბურჯმა ირაკლი მჭედლიძემ პირველივე ტაიმში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და კარიერის ტოპ-სეზონს ატარებს. მე-19 და 37 წუთებზე 25 წლის ბურჯმა ლელოთა დუბლი შეასრულა და სეზონის მე-10 მატჩში უკვე 6 ლელოთი იწონებს თავს. ჯამში მას პრო დ2-ის 70 მატჩში 10 ლელო აქვს გატანილი. 47-ეზე კი თავი კვაჭმა ბასა ხონელიძემ ისახელა, ვისთვისაც ეს იყო სეზონის მე-6 მატჩში პირველი ლელო, სულ კი 23 წლის მორკინალის ანგარიშზე ლიგის 50 მატჩი და 4 ლელოა.
ამ ორის გარდა სასტარტოში გიორგი ქართველიშვილიც იყო, ვისაც 62-ე წუთზე ლაშა ტაბიძე ჩაენაცვლა, ხოლო ბასა ხონელიძე იმავდროულად ლუკა ნიორაძით შეიცვალა.
„ორიაკმა“ 31 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე მყოფ „ბრივს“ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება.
„ოიონამ“ კი, „პროვანსის“ წაფორხილებით ისარგებლა და ხსენებული „ბრივის“ 32:22 ძლევით ლიდერობა დაიბრუნა. ბრიველთა სასტარტოში ვახტანგ აბდალაძე იყო, ხოლო მისი ქართველი თანაკლუბელები, ისევე როგორც ოიონელთა ბორჯღალოსნობა, აშშ-ის ნაკრებთან მატჩის განაცხადშია.
„პროვანსმა“ კი ასევე ნაკრებში მყოფი თორნიკე ჯალაღონიას გარეშე ვერაფერი გააწყო „გრენობლის“ წინააღმდეგ, რომელსაც დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული გიორგი პერტაია სასტარტოში ჰყავდა. „ალპელებმა“ 41:30 იმარჯვეს და ცხრილის მე-3 საფეხურზე ავიდნენ.
„ნევერმა“, როგორც იქნა, ნავსი გატეხა და სეზონში პირველ გამარჯვებას მხოლოდ მე-11 ტურში მიაღწია. ლუკა პეტრიაშვილისა და ლუკა უნგიაძის გუნდმა ბორჯღალოსნების გარეშე მოთამაშე „ანგულემს“ სულაც ბონუსით აჯობა – 34:18, თუმცა გუნდი კვლავაც ბოლო ადგილზეა.
მას 2 ქულით „ბეზიე“ უსწრებს, რომელმაც შინ მორიგი მარცხი განიცადა – „დაქსთან“ მხოლოდ სანუგეშო ბონუსს გამორჩა – 12:17. ნიკა სუთიძე ბეზიელთა სასტარტო კვაჭი იყო, ხოლო 62-ე წუთზე თამაშში მარქაფიდან ბურჯები ჩაერთნენ – კლუბის ახალწვეული ომარ ოდიშვილი და ლუკა აზარიაშვილი.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
რაგბი22/11/2026 | 00:40მჭედლიძე აღარ ხუმრობს
მთავარი ამბავი22/11/2026 | 00:06ბრავო, ბორჯღალოსნებო!
სიახლეები20/11/2026 | 17:44ჩემპიონთა ჯახი მესხზე
სიახლეები15/11/2026 | 18:17საქართველო ჩემპიონია!
