რატომ არ უყვარდა ჰიტლერს ნუტელა?

რატომ არ უყვარდა ჰიტლერს ნუტელა?

პოდკასტ SS Calcio-ში „მილანის“ 25 წლის ფეხბურთელმა სტრაჰინია პავლოვიჩმა გუნდის ყოფილი მწვრთნელი სერჟიო კონსეისაუ გააკრიტიკა. სერბი ცენტრალური მცველი „სან სიროზე“ 2024 წელს მივიდა. იმავე წელიწადს „როსონერის“ სათავეში პორტუგალიელი სპეციალისტი ჩაუდგა.

პავლოვიჩი აღიარებს, რომ კონსეისაუ ტაქტიკურად კარგად მომზადებული მწვრთნელია, მაგრამ მის მეთოდიკას ვერ შეეგუა.

„ის კარგი კაცია, მაგრამ სასტიკი მეთოდების მიმდევარია. ასეთ მეთოდებს ჰიტლერიც არ დაიწუნებდა“, – თქვა „ზალცბურგის“ ყოფილმა მოთამაშემ და იმის დასამტკიცებლად, რომ გერმანელ დიქტატორთან შედარება ტყუილად არ მოუტანია, კონსეისაუს რამდენიმე წესი გაიხსენა. ერთ-ერთი საინტერესო წესი, „ნუტელას“ აკრძალვა გახლდათ.

„როგორც კი გუნდში მოვიდა, „ნუტელას“ ჭამა აგვიკრძალა, – თქვა სერბეთის ნაკრების მოთამაშემ და დასძინა, რომ მწვრთნელი ფეხბურთელებს ტემპერატურის მიუხედავად ვარჯიშებზე წვივსაფარების ტარებას აიძულებდა.

„კონსეისაუს ჰყავდა ასისტენტები, რომლებიც უფრო მისი ჯაშუშები იყვნენ და ენა მიჰქონდათ, ის კი აყალმაყალს სტეხდა. ხუთი თუ ექვსი ფეხბურთელი, რომლებმაც ვარჯიშზე წვივსაფარები არ გაიკეთეს მომდევნო შეხვედრაში მოედანზე ფეხს ვერ დგამდნენ“.

პავლოვიჩს არ ავიწყდებოდა კონსეისაუს პირველი შეხვედრა გუნდთან, როდესაც მან, მიუხედავად იმისა რომ კაბინეტში იჯდა, 40 წუთით დაიგვიანა.

„უნდოდა ყველა კარგად მიმხვდარიყო, თუ ვინ იყო იქ უფროსი. მან 40 წუთი განზრახ დააგვიანა“.

„მილანის“ შემდეგ კონსეისაუ ცოტა ხანი საუდის არაბეთის კლუბ „ალ-იტიადში“ მუშაობდა, ახლა კი ახალ სამსახურს ეძებს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.