სასამართლოს მოგების შემთხვევაში სიტის თავადაც მოუწევს ფულის გადახდა

სასამართლოს მოგების შემთხვევაში სიტის თავადაც მოუწევს ფულის გადახდა

კონკურენციაც ამას ჰქვია: 18-მა ინგლისურიმა კლუბმა გადაწყვიტა, რომ იმ შემთხვევაში თუ „მანჩესტერ სიტის“ სპონსორები პრემიერლიგას უჩივლებენ, ლიგის მხარე დაიჭირონ და მას სასამართლოს ხარჯები გადაუხადონ.

„სიტის“ სპონსორები „ეტიჰედი“ და „ეტისალატი“ არ მალავენ, რომ პრემიერლიგის წინააღმდეგ აპირებენ ჩივილს. „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩება“-ს პრინციპით ისინი დარტყმას მიაყენებენ ორგანიზაციის ხუთ დირექტორს, რომელთა დასაცავად უკვე კლუბებმა ამოიღეს ხმა. BBC იტყობინება, რომ საგანგებო შეხვედრის მონაწილე 20 კლუბიდან 18-მა ცალსახად ლიგის მხარე დაიჭირა, ორი კი წინააღმდეგი წავიდა. ეს ორი გახლავთ თავად „მანჩესტერ სიტი“ (რომელიც ბუნებრივია ბარიკადის გადაღმა მხარეს დგას) და „ნოტინგემ ფორესტი“. რა უნდა „ნოტინგემ ფორესტს“? როგორც ამბობენ, ამ კლუბმა მიზეზად საკითხის შესასწავლად დროის უქონლობა დაასახელა. ამრიგად, კენჭისყრა შედგა და გადაწყდა, რომ პრემიერლიგის კლუბები თუ საჭირო იქნება თანხას გადაიხდიან.

ზემოთ ხსენებული ხუთი დირექტორი არიან პრემიერლიგის აღმასრულებელი შეფი რიჩარდ მასტერსი, თავმჯდომარე რიჩარდ მასტერსი და სამი არა-აღმასრულებელი თანამდებობის პირი.

მერსისაიდური საიტი This is Anfield წერს, რომ კლუბების მხრიდან კოლექტიური ფინანსური პასუხისმგებლობის აღებას აქვს ფრიად ირონიული მხარე: „მანჩესტერ სიტის“ სპონსორებმა სასამართლოში დავა რომ მოიგონ და პრემიერლიგის შეფებს მათთვის ვთქვათ 100 მილიონი გირვანქა გაუხდეთ გადასახდელი, თითოეულ კლუბს 5 მილიონის გაღება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ ფინანსურ დარღვევებში დამნაშავედ არის ცნობილი. მას კანონის 114 პუნქტის გვერდის ავლასა და შემოსავლების 900 მილიონ გირვანქაზე  მეტად გაზრდას ედავებიან.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.