დასრულდა ნოემბრის სანაკრებო კვირეული და ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შეხვედრაში შინ ინგლისთან 2:3 წააგო პირველ პოზიციას 2004.48 ქულით მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული გუნდი ინარჩუნებს. მეორეზეა არგენტინის ნაკრები (1966.13), მესამეზე საფრანგეთი (1950.82) და მეოთხე ინგლისი (1938.90).
ტოპ-ათეულში ყველაზე დიდი პროგრესი მაროკოს ნაკრებს ჰქონდა. მან ორი პოზიციით აინაცვლა და მეხუთეზე დამკვიდრდა. მაროკოელები რეიტინგში ასე მაღლა არასდროს ყოფილან. თითო ადგილით დაქვეითდნენ პორტუგალია (6) და ბრაზილია (7). ათეულს ასრულებენ ბელგია, ნიდერლანდები და კოლუმბია.

რეიტინგში ყველაზე დიდი ნახტომი ჰქონდა ლიბიას, რომელმაც 7 ადგილით მაღლა გადაინაცვლა და 106-ე პოზიციამდე ავიდა. მავრიტანია კი 8 საფეხურით ჩაეშვა დაბლა: 118-ეა.
საქართველოს ნაკრები 74-ე პოზიციას ინარჩუნებს. მან 4.94 ქულა დაკარგა, მაგრამ ამან ვერ დააქვეითა. საქართველოს 1335.73 ქულა აქვს.
ერთი ადგილით მაღლა არის ჩრდილოეთ მაკედონია (1339.35), დაბლა კი ფინეთი (1335.00).
„ოქროს ბურთის“ გამოკითხვის პერიოდში ქართულ სოციალურ ქსელებში ხშირად კითხულობდნენ მეზობლების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ამბავს, რათა გაეგოთ, მონაწილეობდნენ თუ არა ამ ქვეყნების ჟურნალისტები „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში. მოგეხსენებათ, „ფრანს ფუტბოლის“ ჟიურიში ფიფას რეიტინგის ტოპ-ასეულის ქვეყნების ჟურნალისტები შედიან.
ნოემბრის სანაკრებო კვირეულის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრები 124-ე ადგილზეა. მან სამი პოზიციით მაღლა აინაცვლა. სომხეთმა კი მდგომარეობა ორი ადგილით გაიუარესა და 110-ზეა.
კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი ხშირად სვამს რუსეთის ნაკრებს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოფიციალური შეჯიბრებებიდან დისკვალიფიცირებულია, მას შემორჩენილი ქულებიც აქვს და ამხანაგურებსაც თამაშობს. 12 ნოემბერს რუსეთის ნაკრებმა 3:2 მოუგო უზბეკეთს, ხოლო 17 ნოემბერს 2:0 აჯობა ვენესუელას. შედეგად, რუსეთმა 4.28 ქულა დაიმატა და 35-ე ადგილზეა.
ბედის ირონიით 36-ზეა უკრაინა, რომელმაც ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს სძლია 1:0.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები19/11/2026 | 09:03ფიფას პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატი ჰყავს
მთავარი ამბავი19/11/2026 | 08:14ფიფას რეიტინგი განახლდა
აქეთურ-იქითური19/11/2026 | 07:03მუდრიკი: ჩემი დოპინგ სკანდალი უკრაინის ნაკრების ბრალია
აქეთურ-იქითური18/11/2026 | 11:18ლივერპულში ახალ მეკარეზე ფიქრობენ