ხმა, თითქოს „ლივერპულს“ „ბრაიტონის“ ჰოლანდიელი მეკარის ბარტ ვერბრუგენის შეძენა უნდა ბოლო დროს ინგლისურ მედიაში მართლაც ისმოდა, მაგრამ ორშაბათს საკითხმა შედარებით რეალური სახე მიიღო. მერსისაიდელმა ჟურნალისტმა დევიდ ლინჩმა პოდკასტ „ენფილდ ინდექსში“ თქვა: „დაბეჯითებით ვიცი, რომ „ლივერპული“ მას აკვირდება. ეს ახალი ამბავი არ არის. კლუბის წარმომადგენლები ვერბრუგენის აგენტს ჯერ კიდევ მეკარის „ბრაიტონში“ გადასვლამდე ელაპარაკნენ“.
საიტი This is Anfield წერს, რომ ინტერესის მიუხედავად ამ ზამთარში „ლივერპული“ ნიდერლანდელი მეკარის მყიდველი არ უნდა იყოს. დაახლოებით ერთი კვირის წინ ვერბრუგენმა ჰოლანდიურ NOS-თან ინტერვიუში თქვა: „ამწუთას „ბრაიტონში“ თავს კარგად ვგრძნობ და ეს კარგად ყოფნა მომავალზე ფიქრის გამო ქარს რომ გავატანო, სამწუხარო იქნება. ვცდილობ დღევანდელი დღით ვიცხოვრო, ახლანდელი სიტუაცია რაც შეიძლება გაგრძელდეს. ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა მსიამოვნებს და სწორედ ეს არის ერთი მიზეზი, თუ რატომ ვთამაშობ კარგად. ვფიქრობ, ფეხბურთელმა სადმე გადასვლის გადაწყვეტილება მაშინ უნდა მიიღოს, როდესაც საამისოდ მომენტი მომწიფდება. ჩემს შემთხვევაში ამწუთას ასე ნამდვილად არ არის. თუ წარსულით ან მომავლით დაიწყებ ცხოვრებას, ფორმიდან ამოვარდები. ამიტომაც ვცდილობ ფუჭი ფიქრებისგან თავი შორს დავიჭირო. ამ მომენტში ჩემთვის ცხოვრება მშვენიერია“.

ვერბრუგენის ამ ციტატის მოყვანის შემდეგ This is Anfield „ლივერპულში” მეკარეების მდგომარეობას მიმოიხილავს. პორტალი წერს, რომ ალისონს კონტრაქტის ვადა ეწურება, გიორგი მამარდაშვილი კი არ ჰგავს იმ მეკარეს, რომლის იმედიც „ენფილდზე“ ჰქონდათ.
„მამარდაშვილი კარგი დარტყმების მომგერიებელია, მაგრამ მისი ფეხით თამაში ძალიან შორს არის იმ დონისგან, რომელსაც „ლივერპული“ ითხოვს. გარდა ამისა კლუბმა 30 მილიონად იყიდა ბელგიელი ლუკა ბრუგმანსი, მაგრამ ის მხოლოდ 18 წლის არის და გამოუცდელია. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ „ენფილდზე“ მომავალ სეზონში ახალ პირველ მეკარეს უნდა ველოდოთ. თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი ჰაეში ჰკიდია“, – წერს პორტალი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/11/2026 | 11:18ლივერპულში ახალ მეკარეზე ფიქრობენ
სიახლეები18/11/2026 | 10:17ბოლო დღეს ჩრდილოეთ ირლანდიამ პირველი გოლი გაუშვა
მთავარი ამბავი18/11/2026 | 08:26უკრაინული საიტი: მაჟორულ ნოტაზე!
აქეთურ-იქითური17/11/2026 | 09:15რად უნდა პსჟ-ს ბარსელონელი?
