კვირას ერთა A ლიგის პირველ ჯგუფში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა: ბელგიამ იტალიას 4:1 მოუგო და საფრანგეთის მერე მეორე ადგილზე გავიდა. „სკუადრა აძურა“ წინა ტურში ფრანგებთან დამაჯერებელი გამარჯვების 3:1-ის შემდეგ მეოთხედფინალისთვის იბრძოდა, მაგრამ ბრიუსელის საღამო კოშმარად ექცა. არადა, მე-11 წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. გოლი ფრანჩესკო პიო ესპოზიტომ გაიტანა.
ბელგიელები გოლის გაშვების შემდეგ არ შეშინდნენ და მოვლენები მათთვის სასურველ კალაპოტში გადაიყვანეს. მე-15 წუთზე ანგარიში მაქსიმ დე კუიპერმა გაქვითა, 22-ე წუთზე ნათან ნგონიმ მეორე შეაგდო, ხოლო 26-ე წუთზე ჟერემი დოკუმ მესამე მიაყოლა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იტალიელები ჯანლუიჯი დონარუმას უნდა უმადლოდნენ, თორემ ტაბლოზე სულ სხვა რიცხვები ეწერებოდა. შესვენების შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ მეკარემ კევინ დე ბრუინის დარტყმული მოიგერია, ხოლო შარლ დე კეტელარემ ძელს გაარტყა ბურთი.
იტალიელთა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ შეცვლებით სცადა მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ ვერ შეძლო, არადა ხსენებულ მეოთხედფინალში გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა.
შემდეგ იყო საკამათო ეპიზოდი: იტალიელები პენალტს ითხოვდნენ, ბელგიელებმა კი ბურთი გადაღმა კარში შეაგდეს. გოლი დიეგო მორეირამ გაიტანა.
90+1 წუთზე პიო ესპოზიტომ პენალტი ვერ გაიტანა.
„ასეთი რაღაც ხდება, – თქვა მატჩის დამთავრების შემდეგ მანჩინიმ, – გუნდის მშენებლობის პროცესში შეიძლება ჩავარდნაც გქონდეს. ასეთ დროს ჭკუა უნდა ისწავლო. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ეს წაგება ჩვენთვის სასარგებლო იქნება. რაც შეეხება ბელგიას, მან შესანიშნავად ითამაშა, გვაჯობა. ის იყო ძლიერი და შეძლებისდაგვარად სწრაფი. ჩვენ კი ფიზიკურ მომზადებაში გვაქვს პრობლემები. მოწინააღმდეგეს სივრცეებს ვუთმობდით“.
წინა ტურში იტალიასთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ საფრანგეთმა როგორც მოსალოდნელი იყო შინ დაამარცხა თურქეთი 2:1 და მეოთხედფინალში გავიდა. საფრანგეთი ჯგუფში პირველ ადგილზეა. ბოლოზეა თურქეთი, რომელმაც ექვსივე შეხვედრა წააგო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/11/2026 | 09:00ბელგიამ იტალია გაანადგურა
მთავარი ამბავი16/11/2026 | 07:27ინგლისელთა დიდი გამარჯვება მადრიდში
აქეთურ-იქითური15/11/2026 | 10:16დიდიე დროგბა: რატომ ვერ მოიგო მბაპემ ოქროს ბურთი?
აქეთურ-იქითური15/11/2026 | 09:19ანდრაშ შეფერი: შესვენებისას მწვრთნელს ათი კაცის შეცვლა რომ შეძლებოდა ათივეს შეგვცვლიდა
