დიდიე დროგბა: რატომ ვერ მოიგო მბაპემ ოქროს ბურთი?

დიდიე დროგბა: რატომ ვერ მოიგო მბაპემ ოქროს ბურთი?

მართალია „ოქროს ბურთზე“ ლაპარაკი მინელდა, მაგრამ არ შეწყვეტილა. კილიან მბაპე „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა, ჰარი კეინს 28 ქულით ჩამორჩა. ფორვარდის გუნდებს „რეალსა“ და საფრანგეთის ნაკრებს გასულ სეზონში არაფერი მოუგიათ, მაგრამ თავად მბაპემ ბევრი გოლი შეაგდო და ჟიურის წევრების სიმპათია ინდივიდუალური შედეგების წყალობით მოიპოვა.

როგორც გაირკვა მბაპეს თაყვანისმცემელია ლეგენდარული კოტ დ’ივუარელი ფორვარდი, „მარსელისა“ და „ჩელსის“ ყოფილი თავდამსხმელი დიდიე დროგბა, რომელმაც თქვა:

„გამოკითხვის შედეგებს ყველანი უნდა შევეგუოთ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჰარი კეინმა ჯილდო დამსახურებულად მოიგო. მეორე მხრივ კი კმაყოფილი ვარ, რომ ჩემი ფავორიტი სულ მეტად და მეტად უახლოვდება გამარჯვებას. ვინ არის ჩემი ფავორიტი? კილიან მბაპე! და საამისოდ ბევრი მიზეზი მაქვს. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელსაც გოლები გააქვს და იცის რატომაც.

მაშინაც კი, როდესაც მბაპეს აკრიტიკებენ, ის იხტიბარს არ იტეხს, მოედანზე ბრუნდება და კიდევ უფრო მეტი გოლი გააქვს. მას აქვს „მოქმედების გეგმა“ და საჭირო ცოდნა. ამიტომაც შემტკივა მასზე გული.

ვფიქრობ, ისევე როდესაც ოდესღაც ტიერი ანრის, მბაპესაც იარლიყი მიაკრეს, რომელიც მას ვნებს. თუმცა, მე მწამს, რომ ის მდგომარეობას შეცვლის.

ვფიქრობ, თუ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდება, კილიანი ზედიზედ ორჯერ მოიგებს „ოქროს ბურთს“.

დღეს ვითარება არაერთგვაროვანია. მბაპე ხომ „რეალში“ ბრწყინვალე ფორმაშია. კაცმა რომ თქვას, არც კეინს მოუგია ჩემპიონთა ლიგა. ამიტომ, ვერ მიმხვდარვარ რა ხდება. იქნებ ყველაფრის თავი და თავი იმიჯია? საფრანგეთში მბაპეს ძალიან მკაცრად ვუდგებით. თუმცა არა მარტო მბაპეს, არამედ ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც პოზიციას დაუფარავად გამოხატავს. მბაპე სწორედ ასეთია. ხშირად ჩვენ უფრო „დავარცხნილი იმიჯის“ მქონე ფეხბურთელები გვიყვარს. არადა, კილიანის ხასიათის შეცვლას აზრი არ აქვს. რომც მოინდომოს ადრე თუ გვიან მისი ნამდვილი ბუნება მაინც იჩენს თავს. ის უნდა იყოს ბუნებრივი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მისგან დიდ ბრძოლებს მოითხოვს. მბაპეს მიმართ ხალხს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს და ამიტომ მან კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს რათა „ოქროს ბურთი“ მოიგოს“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.