ყველაფერი ბოლო დღეს გადაწყდება

ყველაფერი ბოლო დღეს გადაწყდება

„ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენ მიერ ნაჩვენები ფეხბურთით, შედეგით და საქმისადმი დამოკიდებულებით. ალბათ მეტი უნდა გაგვეტანა, მაგრამ დღეს ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ამ საღამოს კრიტიკის საბაბი არ გვაქვს, – თქვა ბელგრადში 3:1 გამარჯვების შემდეგ გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იურგენ კლოპმა და დასძინა, –  ბრწყინვალედ ითამაშა კაი ჰავერცმა. მან ბევრ კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. თავი გამოიჩინა ორივე ფლანგის ფეხბურთელმა. კარგები იყვნენ ცენტრალური მცველებიც. სერბების წინააღმდეგ ეფექტურად გამოვიყენეთ პრესინგი, რის წყალობითაც დაცვაში დიდი ჯაფა არ დაგვდგომია. გავიგე ჰოლანდიას 7:0 მოუგია, ასე რომ ბოლო შეხვედრა გადამწყვეტი იქნება. მოუთმენლად ველოდებით ორშაბათს“.

სერბეთმა შეხვედრა ცხრა ფეხბურთელით დაამთავრა. 76-ე წუთზე მასპინძლებს  უხეშობისთვის გაუგდეს „გლაზგო რეინჯერსის“ 20 წლის ნახევარმცველი ვანია დრაგოევიჩი, ხოლო 89-ე წუთზე მის გზას გაუყენეს მსაჯის შეურაცხყოფისთვის ბერძნული პაოკ-ის ნახევარმცველი ანდრია ჟივკოვიჩი.

აღსანიშნავია, რომ სერბეთმა ერთა A ლიგის მე-2 ჯგუფში ხუთივე შეხვედრა წააგეს და ბოლო ადგილზე არიან. ჯგუფს 11 ქულით ლიდერობს ნიდერლანდების ნაკრები. მეორე-მესამე პოზიციებზე 8 ქულით საბერძნეთი და გერმანია მოდიან.

როგორც ზემოთ ითქვა, ნიდერლანდებმა საბერძნეთს მოულოდნელი ანგარიშით 7:0 მოუგო. მატჩის შემდეგ გამარჯვებულთა თავკაცმა ჩავიმ თქვა:

„ძალიან მიხარია ასეთი ფეხბურთი რომ ვითამაშეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ გავიაზრეთ, თუ როგორ უნდა შევუტიოთ. სივრცეებს კარგად ვიყენებდით და ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. განსაკუთრებით კარგი იყო პირველი ტაიმი, მაგრამ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი თამაში გახლდათ. ბერძნებს ნამდვილად ძლიერი გუნდი ჰყავთ. მათ განკარგულებაში, განსაკუთრებით თავდასხმაში, ნიჭიერი ფეხბურთელები არიან. ისინი დიდ კლუბებში თამაშობენ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია აქამდე არ წაეგოთ. ასე რომ ჩვენ ჩინებულად ვითამაშეთ. ეს დიდი გამარჯვება იყო“.

გერმანია ნიდერლანდებს 16 ნოემბერს უმასპინძლებს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.