რამაზ სვანაძე – რთულ გზას გავდივართ და იმედია, ყველაფერს დავალაგებთ

რამაზ სვანაძე – რთულ გზას გავდივართ და იმედია, ყველაფერს დავალაგებთ

ერთა ლიგაზე უნგრეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფრენცია გამართა, რომელსაც მწვრთნელთან ერთად და „ჯვაროსნების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესწრებოდა.

„რა თქმა უნდა, შედეგი მნიშვნელოვანია როგორც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. წარმატება ყოველთვის აადვილებს იმ გზის გავლას, რომელიც დავისახეთ. შემადგენლობის მხრივ პრობლემები გვქონდა, მაგრამ, ალთუნაშვილის გარდა, ყველა მწყობრშია და ხვალინდელ შეხვედრაში სათამაშოდ მზადაა.

ფეხბურთში აღმართს დაღმართი მოსდევს. ცხადია, ეს არავის მოსწონს. რთულ გზას გავდივართ და იმედია, ყველაფერს დავალაგებთ. იმედი გვაქვს, რომ ეს ხვალინდელ შეხვედრაშიც გამოჩნდება. ასეთია გუნდის განწყობა. სამწუხაროა, რომ ბოლო მატჩებში გოლები ვერ გავიტანეთ. ძალიან კარგი შემტევები გვყავს და იმედია, ხვალ ამ ნავსს გავტეხავთ.

უნგრეთთან გასვლითი მატჩის პირველი 15 წუთი კარგად ჩავატარეთ, ვთვლი, რომ იმ მატჩის ბედი დეტალებმა გადაწყვიტა. ამ დეტალებზე ბევრი ვიმუშავეთ და იმედია, ხვალ ეს გამოჩნდება.

როდის დაეტყობა გუნდს ჩემი ხელწერა? დაკვირვებული თვალი ამას უკვე შენიშნავდა, მაგრამ დრო დაგვჭირდება, რომ მივიღოთ ის, რაც ჩაფიქრებული გვაქვს. ჩვენი ხელმძღვანელობით ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და იქაც შეამჩნევდით ჩვენთვის დამახასიათებელ სტილს. ეს არის ინდივიდუალიზმზე დაფუძნებული ფეხბურთი, რაც ქართულ ფეხბურთს ახასიათებს“.

გიორგი მამარდაშვილი – „ახალ მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველი სრულფასოვანი შეკრება გვაქვს. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. რამაზ სვანაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს ვიცნობთ და ვენდობით. ტაქტიკური მომზადებაც კარგად მიმდინარეობს.

ფეხბურთელებმა ერთმანეთში ვისაუბრეთ. ჩავარდნა ყველას აქვს, რასაც აღმასვლა მოსდევს. იმედია, ეს ხვალინდელი თამაშიდან დაიწყება. საკლუბო თემას რაც შეეხება, „ლივერპულიდან“ წასვლაზე დიდად არ ვფიქრობ. მინდა, ყველა მატჩისთვის კარგად მოვემზადო და ოპტიმალურ ფორმაში ვიყო. დანარჩენს დრო გვიჩვენებს“.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.