ოთხი გოლი, ორი ძელი და იმედები

ოთხი გოლი, ორი ძელი და იმედები

საფრანგეთის ნაკრებმა „სან სიროზე“ მალევე გახსნა ანგარიში და არც იმის თქმა შეიძლება, რომ შეხვედრის მსვლელობისას პერიოდულად უპირატესობას ვერ ფლობდა, მაგრამ გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ: 3:1. სტუმრებმა მომენტები ვერ გამოიყენეს. ცხადია სამი გოლის გაშვება დაცვაში დაშვებულ შეცდომებზეც მიუთითებს.

ხარისხიანად ითამაშეს იტალიელებმა, რომლებმაც ფრანგების შეცდომებით ოსტატურად ისარგებლეს.

შეხვედრა საინტერესო სანახავი გამოდგა. „ლურჯებმა“, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომენტები შექმნეს, რომელთაგან პირველ ტაიმში გამორჩეული მაიკლ ოლისეს მიერ მე-10 წუთზე გატანილი გოლი და ბრედლი ბარკოლას დარტყმა იყო, რომელიც ძელს მოხვდა. შესვენების შემდეგ ძელს რაიან შერკიმაც გაარტყა, მაგრამ „სკუადრა აძურამ“ შეხვედრის ბედი თავის სასარგებლოდ შემოატრიალა: 26-ე წუთზე პიო ესპოზიტომ გაქვითა ანგარიში, 60-ზე მისმა ძმამ სებასტიანო ესპოზიტომ პენალტი ააცილა, 63-ზე დავიდე ფრატეზიმ მეორე შეაგდო, ხოლო 75-ზე პიო ესპოზიტომ შეხვედრამ იტალიელთა მესამე გოლით დაუსვა წერტილი.

„სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. წინ გრძელი გზაა. ბიჭებს ყველაფრის გაუმჯობესება სწყურიათ, საამისოდ კი უკვე ჩინებულ პოზიციაში ვიმყოფებით. გოლის გაშვების შემდეგ სიმშვიდე შევინარჩუნეთ, ჩვენი ფეხბურთის თამაში განვაგრძეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. საფრანგეთის ნაკრებთან მეათე წუთზე გოლის გაშვებას ფსიქოლოგიურად ჩვენი განადგურება შეეძლო, მაგრამ ემოციებს არ ავყევით და ჩამორჩენა გამოვასწორეთ“, – თქვა მატჩის დამთავრების შემდეგ გამარჯვებულთა თავკაცმა რობერტო მანჩინი.

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი ზინედინ ზიდანი: „პერიოდულად კარგად ვთამაშობდით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ფაქტია, რომ საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს მომენტები შევქმენით და ორჯერ ძელსაც გავარტყით ბურთი. ასე რომ იმის თქმა, თითქოს ყველაფერი ცუდად არის, არ შეიძლება. ერთადერთი, რაც არ მესიამოვნა ის გახლდათ, რომ იტალიის მეორე გოლის შემდეგ საჭირო რეაქცია არ გვქონდა. რამდენიმე შეცდომა დავუშვით დაცვაშიც“.

ერთა A ლიგის პირველ ჯგუფში ხუთი ტურის შემდეგ 10 ქულა აქვთ იტალიელებს და ფრანგებს. ამავე ჯგუფში სტამბოლში 2:1 გამარჯვების შემდეგ 9 ქულით მესამე ადგილზეა ბელგია, ხოლო თურქეთს ქულა არ აქვს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.