ბერნალი: მაინც ბარსა სჯობია პსჟ-ს

ბერნალი: მაინც ბარსა სჯობია პსჟ-ს

სამი კვირაა გასული მას მერე, რაც „პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონას“ 4:2 მოუგო, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონს, როგორც ჩანს, მარცხი კიდევ ვერ მოუნელებია. კატალონიელთა ნახევარმცველ მარკ ბერნალს იმ დღის გახსენება და პსჟ-ს შეფასება სთხოვეს. „ლა მასიას“ ცნობილი საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა თქვა, რომ „ბარსა“ პარიზულ გუნდზე ძლიერია.

„ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ ერთი თამაში არ წყვეტს ვინ არის უფრო ძლიერი, – განაცხადა ბერნალმა რადიო COPE-თან (Corporación de Radiodifusión Española) ინტერვიუში, – ჩემი აზრით პსჟ ვერ გვჯობია. ის შეხვედრა ჩვენს მოედანზე რომ გამართულიყო, როგორ ფიქრობთ მოგვიგებდნენ?. მე მიმაჩნია, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გუნდი „ბარსელონაა“. საკუთარი თავის რწმენა კი აუცილებელია. მის გარეშე ვერაფერს გავხდებით. გულწრფელად გეტყვით: თუ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ და ტრავმები არ გვექნება, ჩვენ მათ მოვუგებთ“.

მარკ ბერნალი „ატლეტიკოს” წინააღმდეგ

ცნობისთვის: ბოლო სამ წელიწადში „პარი სენ ჟერმენმა“ „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგაში სამჯერ დაამარცხა.

როდესაც 19 წლის ბერნალს ჰკითხეს, თუ „ბარსელონას“ გარდა რომელი გუნდების თამაშს უყურებს, ასე უპასუხა: „ლა ლიგაში ოთხ თუ ხუთ გუნდს ვუყურებ: „ბეტისს“, „ატლეტიკოს“, „რეალს“ და ხანდახან „ბილბაოს“ ან „რეალ სოსიედადს““.

ბერნალმა ტრავმები ახსენა. შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერნემისა“ და „ბარსელონას“ 20 ოქტომბრის შეხვედრაში ბარსელონელთაგან დანი ოლმო დაშავდა, რომელმაც მოედანი 27-ე წუთზე დატოვა, ხოლო პარიზელთაგან სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები მიიღეს ოსმან დემბელემ (მე-20 წუთზე), მარკინიოსმა (59) და ხვიჩა კვარაცხელიამ (59). კვარაცხელიას ტრავმა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.