გიორგი ხარშილაძე დაკარიდან სარბიელისთვის
ჩვენთვის ეს ტრადიციული ამბავია, ამჯერად კი ლეიბი ქვიშამ შეცვალა… სენეგალის დაკარსი მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი მედალი დავით მძევაშვილმა მოიტანა — ბრინჯაო. მეორე დღეს ლუკა მახარაძემ და ნურადინ მუსტაფაევმა თითო ვერცხლი მოიგეს. წინ კიდევ ოთხ სახეობა გვაქვს — კრივი, მძლეოსნობა, ფარიკაობა და ტაეკვონდო. იმედია, ჩვენი ყულაბა სამ მედალზე არ გაჩერდება.
დაკარის ქუჩაში ზოგჯერ ვაჭრობას მაშინაც გიწყებენ, როცა გაჩერებას არც აპირებ. აბეზარი გამყიდველი ფეხდაფეხ მოგყვება და უარის შემდეგაც გელაპარაკება. თუ ხელი წაგიცდა და სხვასთან რამე იყიდე, შეიძლება იმანაც მოგთხოვოს ფული, ვინც გამოგყვა — დახმარებისთვისო. ფულის თხოვნისას აქ იმ უხერხულობას იშვიათად ვამჩნევ, რომელსაც მე ველოდები. ალბათ გაჭირვებაც თავისას შვრება.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გათვლით, დაკარში 14–17 წლის 2 655 სპორტსმენს ელოდნენ. რუსეთიდან 13 ჩამოვიდა. 8 ნოემბრის ჩათვლით შვიდმა ათი მედალი მოიგო — ექვსი ოქრო და ოთხი ვერცხლი. ორი ოქრო სერაფიმა ფოკინასია, 50 და 100 მეტრზე ბატერფლაიში.

რუსეთს დროშაც დაუბრუნეს, ჰიმნიც და ტარიც. გახსნაზე ფოკინამ და ბოგდან ტოროპკინმა რუსეთის დროშა მთელი სტადიონის წინ გამოიტანეს, ფოკინას პირველი ოქროს შემდეგ კი დაჯილდოებაზე ჰიმნიც გაისმა.
თითქოს მეტი რა უნდა მომხდარიყო, მაგრამ ოლიმპიურმა კომიტეტმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო.
თამაშებამდე სოკ-მა მონაწილეებისთვის Samsung Galaxy Z Flip8-ების დარიგება გამოაცხადა. დაკარში გავიგე, რომ რუს ბავშვებს მობილურები ორგანიზატორებისგან არ მიუღიათ. რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა მითხრა, ეგ არაფერი, მთელი გუნდი იმავე ტელეფონებით რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა მოამარაგაო. საერთო დარიგებიდან მათი გამოტოვება სოკ-ს საჯაროდ ჯერ არ დაუდასტურებია. თუ ეს ამბავი სწორია, როგორ უთავსებს კომიტეტი ერთმანეთს რუსეთის სრული სახელმწიფო სიმბოლიკის დაშვებას და ბავშვებისთვის საჩუქრის დარიგებისას განსხვავებულ წესს? თანმიმდევრულობასთან კითხვები გვაქვს. თუ აგრესორი სახელმწიფოს სიმბოლიკას უშვებ, ბავშვებისთვის მობილურის დარიგება რას გიწყვეტს?
შინ დაბრუნებულ მედალოსნებს პუტინი კი ვიცით როგორც დაასაჩუქრებს. ბავშვებმა მედლები საკუთარი შრომით მოიგეს. კრემლის პროპაგანდას კი უკვე აქვს კადრი, რომელშიც მათ გამარჯვებას რუსეთის დროშა და ჰიმნი ახლავს. ამას თუ კრემლში კამერების წინ მიღებაც დაემატა, სახელმწიფო ტელევიზიას სპორტსმენების გამარჯვების პოლიტიკურ გამარჯვებად გასაღებისთვის მზა სიუჟეტი ექნება.
სენეგალზე კიდევ ბევრის მოყოლა შეიძლება, მაგრამ მათ გამორჩეულ ადგილზეც ვთქვათ.

დაკარის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რესტორანი, Le Lagon 1, პირდაპირ ატლანტიკის თავზე, ხიმინჯებზე დგას. კორსიკელმა მიშელ კალენდინიმ ის 1956 წელს ააშენა, როცა სენეგალი ჯერ კიდევ საფრანგეთის კოლონიური მმართველობის ქვეშ იყო. თავიდან ღია კაფე იყო, სადაც მუსიკა უკრავდა და ცეკვავდნენ. 2015 წელს აქ მაროკოს მეფე მოჰამედ VI-მ ისადილა. შესასვლელის სპილენძის ფირფიტებზე ჟაკ შირაკის სახელიც წერია.
მე რომ იქ ვიყავი, თეთრკანიანი სტუმრები ჭარბობდნენ. შესაძლოა, ოლიმპიადის გამო იყო ასე. ჩვეულებრივ დღეებში ვის ნახავ ამ მაგიდებთან, ვერ გეტყვით.
ტაქსის ადგილობრივი აპლიკაციით ვიძახებ და ბარათით ვიხდი. გზის ბოლოს კი ყოველ ჯერზე ერთი და იგივე კამათი იწყება. მძღოლს არ სჯერა, რომ თანხა უკვე ჩამომეჭრა. ეგღა აკლიათ ვინმემ „გააცუროს“. ტელეფონს ვიღებ და სქრინშოტებს ვუფრიალებ. ხშირად ეგეც არ ჭრის. მაშინ კომპანიას ჩამოჭრილი თანხის დაბრუნებას ვთხოვ და საფულეში ვიჩხრიკები — იქნებ ნაღდი ფული მეყოს იმ მგზავრობისთვის, რომელიც ეკრანზე უკვე გადახდილია.
და ასე დაუსრულებლად.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/11/2026 | 21:32… ათვლა ჭიდაობით დაიწყო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 22:00დაკარის დღიური – სიცხე და ორი ვაგონი
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 21:15დაკარმა ცეცხლი დაანთო
დავთარი02/09/2025 | 14:20მწარე სიტყვა „ტკბილი“ ხალხისთვის
