ნევილი: გულშემატკივართან მისვლას და ტაშის კვრასაც ზომიერება უნდა

ნევილი: გულშემატკივართან მისვლას და ტაშის კვრასაც ზომიერება უნდა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ასტონ ვილასთან“… 4:4 ითამაშა. ეს იყო სანახაობრივი, ემოციური მატჩი, რომლის მე-4 წუთზე ბირმინგემელები უკვე 2:0-ს იგებდნენ. შესვენებამდე ბრუნო ფერნანდეშმა და იური ტილემანსმა ანგარიში გაქვითეს. მეორე ტაიმის პირველ 10 წუთში სტუმრებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს, მაგრამ ინგლისური ფეხბურთი რის ინგლისური ფეხბურთი იქნებოდა საქმე ბოლო წუთებზე რომ არ გარკვეულიყო – ჯოშუა ზირკზემ და პატრიკ დორგუმ მსაჯის წამატებულ მეორე და მეექვსე წუთებზე შეხვედრა ფრედ დაამთავრეს.

მანჩესტერელთა ყოფილმა ვარსკვლავმა, საფეხბურთო ექსპერტმა გარი ნევილმა გამოთქვა შიში, რომ მაიკლ კერიკის ფეხბურთელები ასე საკუთარ თავს ემოციურ ზიანს მიაყენებენ. კერძოდ, 51 წლის ვეტერანმა თქვა:

„მათ დაჟინებას ტაში უნდა დავუკრათ. ისინი არ გაჩერდნენ, ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ დაცვაში შოკისმომგვრელ შეცდომებს უშვებდნენ. რაც შეეხება მატჩის შემდეგ ფანებთან მისვლას და ტაშის დაკვრას, მე „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში 602 შეხვედრა ჩავატარე და ყოველი მათგანის გამთავრების შემდეგ გულშემატკივრებს პატივს მივაგებდი“.

თუმცა, ნევილი მიჩნევს, რომ გულშემატკივრებთან ერთად „ტაშისკვრასაც“ თავისი ადგილი და ზომა აქვს. ასე მაგალითად, ნევილის აზრით „ბორნმუთთან“ შინ 0:3 წაგების მერე „საპატიო წრის“ შემოვლა მტკივნეული სანახავია.

„ასე ისინი თავს ემოციურ ზიანს მიაყენებენ. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ეს სრული სასოწარკვეთილებაა. ხალხი მაიკლის სახელს მღერის, იმიტომ რომ ის უყვართ, მაგრამ სანახაობა ნამდვილად გულსატკენია“.

ინგლისური მედია „ასტონ ვილასთან“ თამაშს განიხილავდა როგორც წყალგამყოფს – ვარაუდობდნენ, რომ მისი შედეგის მიხედვით კერიკს ან გაუშვებდნენ გუნდიდან ან დაიტოვებდნენ. ფრემ სიტუაცია შეცვალა. ახლა ამბობენ, რომ მწვრთნელი შეიძლება სანაკრებო პაუზის პერიოდშიც დატოვონ თანამდებობაზე.

ბირმინგემელებთან მატჩის მსვლელობისას მაყურებელი დიოგო დალოტს უსტვენდა, თუმცა კერიკმა თქვა, რომ მან გუნდისთვის რაც შეეძლო გაიღო.

კერიკი: „მერწმუნეთ, ჩვენ ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ, განსაკუთრებით ფეხბურთელები. დიოგო თავს არ ზოგავს. ის სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობს და ხშირად საქმეს ძალიან კარგად ართმევს თავს. მართალია, მის გამო დღეს მოწინააღმდეგემ პენალტი დაარტყა და დიოგოს ეს თავადაც კარგად მოეხსენება. დიახ, მას იმ ეპიზოდში უკეთ შეეძლო თამაში, მაგრამ ის ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია და მონდომება არ აკლია. მე მომწონს თუ რა წვლილი შეაქვს მას ჩვენი გუნდის თამაშში. მე მომწონს, რომ ის ჩვენი კულტურის ნაწილია“.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ერთადერთი თამაში მოიგო – 30 აგვისტოს შინ „იფსვიჩთან“ 5:2.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.