ანდონი ირაოლამ იმედი გამოთქვა, რომ ალისონი „ლივერპულთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს, თუმცა დასძინა, რომ ბოლო სიტყვა თავად ფეხბურთელს ეკუთვნის. ბრაზილიელს, რომელიც „წითლების“ ლეგენდად არის აღიარებული ამჟამად კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს. ამ კონტრაქტს ვადა 2027 წლის ზაფხულში გაუდის.
გასული სეზონის შემდეგ ალისონის გადაბირებით „იუვენტუსი“ იყო დაინტერესებული. გოლკიპერის ტურინში გადასვლა ახლაც რეალურია, რადგან ის ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება და საშუალება მიეცემა „ბებერ ქალბატონს“ ისე შეუერთდეს, რომ სატრანსფერო თანხა არ გადაახდევინოს.

ირაოლა: „ვერ გეტყვით მიმდინარე სეზონი ალისონისთვის „ლივერპულში“ ბოლო იქნება თუ არა. ეს კითხვა სჯობს მას თავად დაუსვათ. მე პირადად იმედი მაქვს, რომ დარჩება, მაგრამ რაკი მაინც მეკითხებით, გიპასუხებთ, რომ კონტრაქტებთან საკითხები ჩემი საქმე არ არის, ფეხბურთელების და კლუბის მოსაგვარებელია. დიახ, მე მუდმივი ურთიერთობა მაქვს სპორტულ დირექტორ ჯულიან უორდთან, მაგრამ ყველაფერს ვერ გეტყვით. ბევრი რამ მხოლოდ ჩვენს შორის ითქმება“.
ალისონმა ბოლო ორ შეხვედრაში ცუდად ითამაშა: „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში „არსენალთან“ 0:1 წააგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში „ფენერბაჰჩესგან“ 2:3 იწვნია. ამ ორ შეხვედრაში გაშვებული გოლები ბევრმა ბრაზილიელ ლეგენდას დააბრალა, თუმცა ირაოლამ ასე თქვა:
„ვფიქრობ „არსენალსა“ და „ფენერბაჰჩესთან“ გაშვებულ გოლებში ერთი ფეხბურთელის დადანაშაულება ძნელია. ეს განსაკუთრებით სტამბოლში გაშვებულ გოლებზე ითქმის. არეულობა იყო, განსაკუთრებით მეორე გოლის დროს, როდესაც ბურთი კოდი გაკპომ აისხლიტა. ყურადღების მარტო ალისონზე გამახვილება არ შეიძლება.
„არსენალთან“ გაშვებულ გოლზე ამას გეტყვით: რასაკვირველია ბურთის თამაშში შეტანის დროს ჩვენ (იგულისხმება ალისონმა) შეცდომა დავუშვით, მაგრამ ეს ჩემი ბრალიც არის, რადგან ფეხბურთელებს ბურთის ამგვარად გათამაშებას მე ვავალებ. გარდა ამისა, ბურთის დაკარგვის შემდეგ ჩვენ მაინც გვყავდა დაცვაში 8 ფეხბურთელი თავიანთ პოზიციებზე და ამიტომ მარტო ალისონის დადანაშაულება არ შეიძლება.
გეთანხმებით, ჩვენს კართან „არსენალის“ გოლამდეც იყო სახიფათო მომენტები, მაგრამ აქედან მარტივი დასკვნის გამოტანა, რომ რასაც ვაკეთებთ იმას არ უნდა ვაკეთებდეთ, არ ღირს. როდესაც საჯარიმოსთან ყველაფერი მკაფიოდაა, ბურთი უნდა გავათამაშოთ, მაგრამ თუ არეულობაა, ჯობს არ გავრისკოთ.
ჩვენ ვცდილობთ ფეხბურთელებს გასაგებად ვუთხრათ, თუ რომელ სიტუაციას შეიძლება ეწოდოს მკაფიო და როდის არის მეტოქის პრესინგი აგრესიული ანუ როდის უნდა ვიმოქმედოთ სწორხაზოვნად. ამ პროცესში შეცდომები უეჭველად გვექნება. ამისგან თავს ვერ დავიზღვევთ“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 07:41მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
