მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს

მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კრიზისშია. მწვრთნელს მაიკლ კერიკს კარგა ხანია წყალი შეუდგა, თუმცა მის სამსახურიდან დათხოვნაზე ოფიციალურად ჯერ ლაპარაკი არ არის. ამასობაში კი ცნობილი გახდა, რომ კლუბი საფრანგეთის ნაკრების ყოფილ თავკაცს დიდიე დეშამს დაუკავშირდა.

ბოლო შეხვედრაში „იუნაიტედმა“ „რომას“ თამაში შემოუტრიალა, 0:2-ს აგებდა და 3:2 მოუგო, მაგრამ ამით კერიკის თანამდებობაზე ყოფინის ვადა მხოლოდ დროებით გახანგრძლივდა, თორემ პრინციპულად არაფერი შეცვლილა.

დეშამპმა საფრანგეთის ნაკრების სათავეში 14 წელიწადი გაატარა და 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მანამდე ის წარმატებით მუშაობდა „მონაკოში“, „იუვენტუსსა“ და „მარსელში“. კალჩოპოლის სკანდალის შემდეგ მისი ხელმძღვანელობით „იუვე“ სერია B-დან სერია A-ში დაბრუნდა; საფრანგეთში დეშამმა „მარსელი“ ლიგა 1-ის ჩემპიონი გახადა, ხოლო „მონაკო“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც ჟოზე მოურინიუს „პორტუსთან“ დამარცხდა.

რა გადაკვეთა ჰქონია დიდიე დეშამს ინგლისურ ფეხბურთთან? ის 1999-2000 წლების სეზონში „ჩელსიში“ თამაშობდა.

ამბობდნენ, რომ დეშამს საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობიდან გადადგომის შემდეგ „რეალში“ სურდა მუშაობის დაწყება, მაგრამ მოურინიუმ კიდევ ერთხელ აჯობა, ამჯერად სამსახურის შოვნაში.

ფრანგული მედია წერს, რომ მართალია დეშამს „რეალის“ თავკაცის პოსტი ხიბლავდა, მაგრამ ზოგადად ფეხბურთში დაბრუნებას არ ჩქარობს. რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედს“, ინგლისური კლუბი კერიკის შემდგომი პერიოდისთვის ემზადება, თუმცა ჯერ ვერ მოძებნა ფეხბურთის სპეციალისტი, რომელიც საქმეს ახლავე შეუდგება და თავს გაართმევს.

ინსაიდერული ინფორმაციით „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას კანდიდატების შორტ-ლისტი კი აქვს შედგენილი, მაგრამ ბოლომდე არ არის დარწმუნებული, რომ ამ სამეულიდან – ანტონიო კონტე, ედი ჰაუ და იულიან ნაგელსმანი – რომელიმესთან შეთანხმება სწორი ნაბიჯია. წერენ, რომ ინგლისური კლუბი კონტეს ჯერ არ დაკავშირებია, ჰაუ კი დაკვირვებით სწავლობს, თუ რა ხდება „ოლდ ტრეფორდზე“ და მანჩესტერელებს პირველივე დაძახილზე თანხმობას ეტყვის.

რაც შეეხება ნაგელსმანს, მასთან ურთიერთობა აქვს კრისტოფერ ვაიველს, რომელსაც „იუნაიტედში” თანამშრომლების მოძიება და სამსახურში აყვანა ევალება. გერმანელი კლუბის ხელმძღვანელებს შორტ-ლისტში სწორედ მან შეაყვანინა.

 „სანის“ ინფორმაციით გამოირიცხა ფაბიან ჰიურცელერის ვარიანტი, რადგან „ბრაიტონი“ მის სანაცვლოდ დიდ კომპენსაციას ითხოვს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.