ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მთავარი მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონობის მაძიებლები ხვდებოდნენ. თბილისის „დინამომ“ თანაქალაქელ „იბერიას“ უმასპინძლა და უგოლოდ დაუზავდა – 0:0. „დინამოს“ გატანის მეტი შანსი ჰქონდა, მაგრამ უპირატესობა ვერ გამოიყენა.
სხვა მხრივ, ეს თამაში იმით დაგვამახსოვრდა, რომ სტუმართა 17 წლის ნახევარმცველმა, ანდრია ბართიშვილმა, ჩანს, მძიმე ტრავმა მიიღო, მან ექიმების დახმარებით დატოვა მინდორი. არადა, „იბერიას“ კონფერენციის ლიგაზე 5 ნოემბერს კოპენჰაგენში უწევს თამაში.
ამ შედგემა უშუალო კონკურენტების, „ბათუმისა“ და „რუსთავის“ წისქვილზე დაასხა წყალი, მაგრამ რუსთაველებმა საჩუქარი ვერ გამოიყენეს, „გაგრასთან“ 2:2 ითამაშეს და ქულები დაკარგეს. მეტიც, აგებდნენ და მათმა განელმა ნახევარმცველმა პრინს ოსეიმ 90+1-ე წუთზე გაათანაბრა.

ეგ არის, ბოლო დროს გაგრელები ერთობ უხერხულ მეტოქედ გადაექცნენ გია ცეცაძის გუნდს. ახლახან ქვეყნის თასის ნახევარფინალში 2:1 დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ. ამჯერად კი უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინეს, რომლებიც, შესაძლოა, მათ წინ ცუდად დაუხვდეთ.
სამაგიეროდ „ბათუმმა“ აუტსაიდერ „მეშახტეს“ 1:0 მოუგო და 59 ქულით კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს. სხვათა შორის, ბოლო 12 მატჩში ეს ზღვისპირელთა ზედიზედ მე-10 გამარჯვებაა, ორი თამაშიც ფრედ დაასრულეს.
მეორე ადგილზე მდგომ „იბერიას“ 56 ქულა მოუგროვდა, 55-ქულიანი „დინამო“ მესამეზეა, „რუსთავს“ 53 ქულა გაუხდა და მეოთხე საფეხურს იკავებს. ეს ოთხეული გაცილებით წინაა სხვა კონკურენტებთან შედარებით.
ჩემპიონატის დასრულებამდე კი მხოლოდ ხუთი ტური დარჩა.
სამგურალი 0:0 სპაერი
დინამო 0:0 იბერია
გაგრა 2:2 რუსთავი
0:1 ვაჟა ფაცაცია (10), 1:1 ბლიზნიჩენკო (36), 2:1 ფეიქრიშვილი (71), 2:2 ოსეი (90+1)
ბათუმი 1:0 მეშახტე
1:0 შენგელია (18)
ტორპედო 2:1 დილა
1:0 შულაია (17), 1:1 შეყილაძე (35), 2:1 პირესი (68)
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
