ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა

ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა

ერიკ ტენ ჰაგმა კრიშტიანო რონალდუზე თქვა, 2018 წლის მერე ანუ რაც „რეალიდან“ „იუვენტუსში გადავიდა, მუდმივად უკლებდაო. მართალია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ჰოლანდიელი მწვრთნელი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ხსენებულ ვადაში პორტუგალიელის მიერ ნაჩვენები შედეგები მისი მთავარი კონკურენტის ლეო მესის შედეგებს შეადარეს.

2018 წლის ზაფხული ახლა ძალიან დიდი ხნის წინ ჩანს. ეს ის დროა, როდესაც რონალდუს დიდი მონაწილეობით „რეალმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პორტუგალიელმა „ფრანს ფუტბოლის“ ბოლო ხუთ გამოკითხვაში ოთხჯერ გაიმარჯვა, ხოლო მესიმ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ისევ გაუშვა ხელიდან.

„ნებისმიერი ტოპ-გუნდი უნდა მოერგოს ტოპ-ფეხბურთელს, მაგრამ ყველა ტოპ-ფეხბურთელმა უნდა გაითვალისწინოს გუნდის ინტერესები. რონალდუსთან დაკავშირებული პრობლემაც სწორედ ეს იყო. ფეხბურთელებს  უნდოდათ მისთვის ემუშავათ და მიებაძათ. ის რასაკვირველია დიდი ფეხბურთელია, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო 7-8 სეზონის განმალობაში უმაღლეს დონეზე ვეღარ თამაშობდა. მისი ბრწყინვალება „იუვენტუსის“ მერე დასრულდა. კაცმა რომ თქვას „რეალის“ მთავარი ნიჭიც სწორედ ეს არის. ამ კლუბმა იცის, როდის დაემშვიდობოს ფეხბურთელს. იქ ზუსტად გრძნობენ მომენტს, როდესაც მოთამაშის დონე კლებას იწყებს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სხვას ყველას ჰგონია, რომ ის ჯერ კვლავ ფორმის პიკშია.

როდესაც მე „იუნაიტედის“ მწვრთნელი გავხდი, რონალდუს ავუხსენი როგორ ვაპირებდით თამაშს, რა როლი ექნებოდა მას ჩვენს სისტემაში და რის მოლოდინი უნდა ჰქონოდა ჩემგან და თანაგუნდელებისგან, მაგრამ თავიც ხომ უნდა გამოეჩინა თავი? ის ტკივილს ვეღარ თრგუნავდა და გუნდისთვის ყოველდღე თავს ვეღარ დებდა სამსხვერპლოზე. ის ვეღარ ვარჯიშობდა ისე, რომ სულ ფორმის პიკში ყოფილიყო. პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში, გნებავთ პორტუგალიის ნაკრების შეხვედრებში კი თუ მზად არ ხარ, შანსი არ გაქვს“.

„იუვენტუსმა“ რონალდუ 2018 წელს იყიდა და როგორც იქნა მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ტურინული გუნდის მაისურით პორტუგალიელმა ბევრი გოლი გაიტანა, ორჯერ „სკუდეტოც“ მოიგო, მაგრამ შემდეგ კლუბის ევროპული ძლიერება დაემცრო და „ბებერი ქალბატონის“ ბატონობას იტალიურ ფეხბურთშიც მოეღო ბოლო.

კიდევ უფრო ცუდი გამოდგა რონალდუს დაბრუნება „მანჩესტერ იუნაიტედში“ – ინგლისელთა სანაქებო კლუბი ჩემპიონთა ლიგაშიც კი ვერ მოხვდა. რონალდუს ტენ ჰაგთან ურთიერთობა გაუფუჭდა და ფორვარდი საუდის არაბეთში გადაბარგდა.

თუმცა, უღრუბლო არც მესის საკლუბო კარიერა ყოფილა. ის უსიამოვნოდ წავიდა „ბარსელონადან“, გადავიდა „პარი სენ ჟერმენში“, სადაც ფაქტობრივად შეუმჩნეველი პერიოდი გაატარა. არ შედგა მისი, ნეიმარის და კილიან მბაპეს გამანადგურებელი ტრიო, რომელიც თეორიულად წარმოუდგენლად ძლიერი უნდა ყოფილიყო. მას მერე კი დიდი არგენტინელი ამერიკაში, MLS-ში გადაბარგდა და იქ თამაშობს.

თუმცა, რონალდუსგან განსხვავებით მესის სანაკრებო კარიერა პირიქით, ამ პერიოდში უფრო წარმატებული გამოდგა, ვიდრე სიყმაწვილეში.

საინტერესო დეტალია: რონალდუმ 2018 წლის შემდეგ მესიზე 8 გოლით მეტი გაიტანა, მაგრამ მათგან 80 პენალტი იყო. მესიმ დროის ამავე მონაკვეთში გაცილებით ნაკლები, 37 პენალტი დაარტყა.

რაც შეეხება საგოლე პასებს, ამ კომპონენტში არგენტინელმა პორტუგალიელს სამჯერ აჯობა, თუმცა აქ ამპლუათა შორის განსხვავებაც უნდა გავითვალისწინოთ.

ყველაზე დიდი განსხვავება კი მაინც ტიტულებშია. 2018 წლის შემდეგ მესიმ თავის მონაგარს 14 ჯილდო შესძინა (რონალდუმ – 9), მათ შორის სამი „ოქროს ბურთი“ და რასაკვირველია მსოფლიოს თასი. რონალდუს კარიერის ბოლო მონაკვეთში ასეთი არაფერი მოუგია.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.