გიორგი ხარშილაძე დაკარიდან სარბიელისთვის
სპორტული წარმატებებით განთქმული კონტინენტი ახლა თავად იღებს მსოფლიოს – სენეგალი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გახსნას ელოდა და ეს ჩამოსვლისთანავე იგრძნობოდა. ყველაფერი გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლით დაიწყო.
აეროპორტიდანვე ჩანდა, რომ ქვეყანა განსაკუთრებული დღეებისთვის ემზადებოდა. იგივე მობილიზება ქალაქშიც შესამჩნევია. დაკარში პოლიცია ხშირად გვხვდება და უსაფრთხოებაზე ზრუნვა ყოველდღიურ გადაადგილებაშიც იგრძნობა. ამაზე სენეგალელებიც გველაპარაკებიან — პოლიციის გაძლიერებული მუშაობა მათთვისაც თვალსაჩინოა. სხვადასხვა ქვეყნის სამოგზაურო რეკომენდაციებში დაკარის შესახებ ჯიბის ქურდობაზე გაფრთხილებასაც შეხვდებით. აქ ჩამოსულს ეს გაფრთხილებები გახსოვს, თუმც ქალაქში მასპინძლების განსაკუთრებულ ყურადღებასაც ამჩნევ.

სენეგალს უნდა, რომ სტუმარმა თავი მშვიდად იგრძნოს და ქვეყნიდან კარგი შთაბეჭდილება წაიღოს. ამ მოლოდინს თავისი მიზეზი აქვს – აფრიკაში ოლიმპიური თამაშები პირველად ტარდება. სპორტული წარმატებებით განთქმული კონტინენტი ახლა თავად იღებს მსოფლიოს. ასეთი მასპინძლობა დიდი პასუხისმგებლობაცაა და შესაძლებლობაც — აჩვენო, რა შეგიძლია. გახსნის საღამოს დიამნიადიოში, აბდულაი ვადის სახელობის სტადიონზე მივედით. თანამედროვე, ლამაზი, ევროპული ყაიდის არენა შთამბეჭდავია. იმ საღამოს მის იერს ტრიბუნებიდან წამოსული სიხარულიც ემატებოდა — კარგად იგრძნობოდა, რამდენს ნიშნავდა ეს გახსნა მასპინძლებისთვის. სენეგალს ძალიან კარგი სანახაობა გამოუვიდა. მას სიმარტივე უხდებოდა.
ზედმეტი ეფექტებით გადატვირთვის გარეშე, მუსიკით, ცეკვითა და ადამიანური ამბით, მაყურებლამდე სათქმელი მიჰქონდა. სანახაობის ძალა მის ემოციურობაში იყო — სცენაზე მიმდინარე ამბავთან კავშირს ადვილად გრძნობდი. განსაკუთრებული ადგილი ქალებს ეკავათ. დედისა და გოგონას სახეებში წარსულსა და მომავალს შორის კავშირი ჩანდა. ქალები გამოცდილებას გადასცემდნენ, ტრადიციას აგრძელებდნენ და მომავლის იმედს განასახიერებდნენ. ამ საღამოს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სწორედ ეს აქცენტი აღმოჩნდა.

საინტერესო სიმბოლიკა ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის გამოჩენასაც. კირსტი კოვენტრი პირველი ქალი და პირველი აფრიკელია, რომელიც ოლიმპიურ მოძრაობას ხელმძღვანელობს. აფრიკაში გამართული პირველი ოლიმპიური თამაშების გახსნაზე სპორტსმენებს ზიმბაბველმა ქალმა მიმართა — ადამიანმა, რომელსაც ოლიმპიური წარმატების ფასი საკუთარი გამოცდილებითაც კარგად ესმის.
სენეგალს ისეთი გახსნა გამოუვიდა, რომელიც ზაფხულის დიდ ოლიმპიურ თამაშებსაც შესანიშნავად მოუხდებოდა. მასშტაბურობის განცდას მასპინძლების გულწრფელი სიხარული და საკუთარი კულტურის ღირსეულად წარმოჩენის სურვილი ქმნიდა. და ასეთ დროს უნებლიეთ საქართველოზეც ფიქრობ. ჩვენთან რომ ოლიმპიური თამაშები ტარდებოდეს, გახსნაში მონაწილეობა ვის უნდა მიეღო? ალბათ, ქვეყანას თავისი საუკეთესოები უნდა ეჩვენებინა. უნდა გაგვეგონა საოპერო ხმა, რომელსაც მსოფლიოს უდიდესი თეატრები კარგად იცნობენ. უნდა გვენახა ანსამბლი, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში ქართული ცეკვით მსოფლიო აღაფრთოვანა და არაერთ მაყურებელს საქართველო შეაყვარა. ასეთი საღამოსთვის მათი შერჩევა ყველაზე ბუნებრივი გადაწყვეტილება იქნებოდა.
მაგრამ ქორეოგრაფიის მე რა მესმის…

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 21:15დაკარმა ცეცხლი დაანთო
დავთარი02/09/2025 | 14:20მწარე სიტყვა „ტკბილი“ ხალხისთვის
დავთარი19/07/2024 | 15:58ხოხავს, სულს ღაფავს, ხრიალებს…
დავთარი24/05/2024 | 15:23რატომ (არ) წავიდა ჯაბა?
