ფრანგული საიტი თორნიკეს შესახებ

ფრანგული საიტი თორნიკეს შესახებ

footmercato-ში თორნიკე კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოქვეყნდა. ფრანგული პორტალი წერს, რომ „პარი სენ ჟერმენს“ ცუდი პერიოდი უდგას, რადგან „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მისი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და ბევრი თვის გამოტოვება მოუწევს. ეს ტრავმა სერიოზული დარტყმაა საქართველოს ნაკრებისთვისაც, რომელსაც ნოემბრის შეხვედრებში დიდი დანაკლისის კომპენსაცია მოუწევს. და სიმბოლურია, რომ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში სწორედ ამ რთულ დროს გაიბრწყინა ხვიჩას უმცროსმა ძმამ თორნიკემ, რომელსაც სწრაფად გაუვარდა ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის სახელი და ბევრი ევროპული კლუბის ყურადღებაც მიიპყრო. footmercato წერს, რომ თორნიკე კვარაცხელიას აკვირდება „იუვენტუსი“, თუმცა მის მიმართ ინტერესი პირველმა „ბაიერნმა“ გამოხატა.

ფრანგული საიტი შეგვახსენებს, რომ ბავარიელებმა თორნიკე უკვე დაპატიჟეს თავიანთ საწვრთნელ ცენტრში და ერთ-ერთი გუნდის შემადგენლობაში ამხანაგურ შეხვედრაში ათამაშეს კიდეც. მაშინ კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფროინდმა თქვა: „დიახ, ვადასტურებ, რომ ბიჭი უკვე აქ არის. ის ხვიჩა კვარაცხელიას ძმაა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. თორნიკე ნიჭიერი ახალგაზრდაა, თუმცა ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე ლაპარაკი არის თუ არა ის თავის მსოფლიო კლასის ვარსკვლავ ძმასავით ძლიერი. ამ ეტაპზე ერთის თქმა შეიძლება, ის ნიჭიერია. დანარჩენს კი შევხედავთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“.

footmercato-ს მტკიცებით „ბაიერნის“ მერე თორნიკე კვარაცხელიამ დიდი პროგრესი განიცადა – პროფესიულ ფეხბურთში პირველი თამაში 16 მაისს „იბერიას“ წინააღმდეგ ჩაატარა („დინამომ“ მოიგო 2:0) და მას მერე 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამ ეტაპზე ის ჩამოყალიბდა სასარგებლო სათადარიგო მოთამაშედ და მესამე ადგილზე მყოფ გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ეხმარება. თორნიკეს კონფერენციის ლიგაში თამაშის შესაძლებლობაც მიეცა. მისმა გუნდმა დაამარცხა „მონდორფი“ (2:1; 1:1), რის შემდეგაც სასტიკი მარცხი განიცადა „ჟალგირისთან“ (3:0; 2:7). ფრთაზე ცოცხლად მოთამაშე თორნიკემ აჩვენა, რომ იმედისმომცემი ახლაგაზრდაა და ყურადღება მიიპყრო.

სექტემბერში გიორგი ადამიამ თორნიკე კვარაცხელია 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახა, რაც მის ასაკობრივ ჯგუფზე მაღლაა. უმცროსმა კვარაცხელიამ მონაწილეობა მიიღო სამ შეხვედრაში – საბერძნეთის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და გერმანიის წინააღმდეგ – რაც 16 წლის მოზარდისთვის დიდი გამოცდილება იყო.

ბოლოს კი footmercato წერს, რომ თორნიკე კვარაცხელია სწავლას განაგრძობს და რაც ყველაზე საყურადღებოა, ძმაზე უფრო ადრეულ ასაკში ვითარდება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.