დიდებული ჰაკიმი

დიდებული ჰაკიმი

დიდი ალბათობით აშრაფ ჰაკიმი მსოფლიოში საუკეთესო მარჯვენა მცველია. მაროკოელმა ეს „პარი სენ ჟერმენისა“ და „ლე ავრის“ შეხვედრაში (5:1) კიდევ ერთხელ გამოაჩინა. პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ნორმანდიული გუნდის წინააღმდეგ როტაციას მიმართა და ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები მეტწილად დაასვენა. ერთ-ერთი იშვიათთაგანი, ვინც მოედანზე იყო ჰაკიმი გახლდათ.

ანგარიში მე-18 წუთზე მასპინძელმა ჯოშ მაიამ გახსნა, შემდეგ კი ჰაკიმიმ მხსნელის ინსტინქტი ჩართო და 26-ე წუთზე მიკა გოდტსს გაათანაბრებინა ანგარიში, ორი წუთის მერე მაიულუსთან გაითამაშა ბურთი და თავად გაიყვანა პსჟ წინ; 55-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი შეაგდო, 62-ეზე სემი მაიულუსაც გაატანინა და 69-ეზე კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

71-ე წუთზე სამი გოლისა და ორი საგოლე პასის ავტორი შეცვალეს.

სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ ბოლო 10 წელიწადში, ერთ შეხვედრაში ხუთ საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არც ერთ მცველს არ მიუღია.

ლუის ენრიკე: „ჩვენ ჰაკიმის ოსტატობის ამბავი ძალიან კარგად მოგვეხსენება. ის ხომ ფაქტობრივად თავდამსხმელია. ხანდახან სხვა ფორვარდებზე უფრო წინაც მიდის ხოლმე. ის მსოფლიოში საუკეთესო მარჯვენა მცველია. მე იმდენად მისმა სამმა გოლმა არ აღმაფრთოვანა, რამდენადაც იმან, რომ მუდამ უმაღლესი დონის ფეხბურთს თამაშობს“.

Ligue 1+ პროგრამაში თავად 27 წლის ვარსკვლავმა თქვა, რომ ის მწვრთნელის მიერ მინიჭებული თავისუფლებით კმაყოფილია.

„მცველისთვის ეს დაუჯერებელია. მწვრთნელი ძალიან მეხმარება, ის თავისუფლებას მაძლევს. შეტევის დროს წინ გაქცევას არ მიკრძალავს და მე თუ ვუტევ, სხვები მაზღვევენ.  ასეთ პირობებში მოედანზე თავს კომფორტულად ვგრძნობ. ჩემთვის ასე თამაში ადვილია. გოლების გატანა მეხერხება და ვცდილობ საკუთარი ფეხბურთით სიამოვნება მივიღო“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.