მწარე სიტყვა „ტკბილი“ ხალხისთვის

Home დავთარი მწარე სიტყვა „ტკბილი“ ხალხისთვის
მწარე სიტყვა „ტკბილი“ ხალხისთვის

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა - ტაბულაროდესაც ჟურნალისტიკის სტანდარტი იკარგება, პატივისცემაც ქრება და  ნდობასაც. ჟურნალისტიკა მწარე სიმართლეა, მით უფრო მაშინ, როდესაც ვინმეს ეწყინება…

ამას წინათ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა თქვა, ეროვნული ჩემპიონატის დონე კატასტროფული რომ არის, რა ჩემი ბრალიაო, ეს კი მედიის დიდმა ნაწილმა ისე „გაატარა“, თითქოს არაფერი მომხდარა.

ისევ მოყვარულებმა გაიხსენეს და ვიდეო დადეს, 2014 წელს, სფფ-ს პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ რომ ამბობდა, წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა ფეხბურთის ფედერაციამ უნდა აიღოსო. დღეს სხვა ფირფიტა ჩართო. როგორც მოეპრიანება ისე უკრავს, აბა ხმის გამცემი აღარავინ ჰყავს და…

როგორ მივედით აქამდე?..

კარგი და ცუდი ყოველთვის იყო, მაგრამ ინფორმაციის ნაკადში თითქოს ბევრი რამ გაუფასურდა – ადამიანების უზნეობას კი არ მივეჩვიეთ, ლამის ნორმა გახდა. დღეს ყველაფერს კაპიტალი განსაზღვრავს, ყველაფერს ანგარიშობ, სინდისის ხმა სადღაც ჩაიკარგა. როდესაც შენს დღეს მხოლოდ ეპატაჟს, ანგარიშებსა და ციფრებს (ისიც ზერელედ, მარტივი არითმეტიკით) უთმობ, რთულია ჟურნალისტი გერქვას. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ასეთ ვაი ჟურნალისტებსა და ვაი მთარგმნელებს მალე ხელოვნური ინტელექტი სრულად ჩაანაცვლებს, მაგრამ პრობლემა ამით არ გადაიჭრება.

ჟოზე მოურინიუმ ერთხელ თქვა, რომ ხალხი ფეხბურთელებს აღმერთებს, რეალურად კი არც იციან რა ნაგვები არიანო. დღეს ვებ-გვერდებზე, ვლოგებსა და ბლოგებში (სადღაა გაზეთები) მხოლოდ მათი ქება გვინდა გვესმოდეს. ამხელა ფული, ასეთი სტატუსი, ხშირად გვაბრმავებს და ვერ ვხვდებით, რომ ადამიანები ამხელები იმიტომ გვეჩვენება, თავად მუხლებზე ვდგავართ.

სამყაროში ყველაფერი გამარტივებისკენ მიდის, სტანდარტი კი ნელ-ნელა უარესდება. თუ რამის გაფუჭება გინდა, მარტივი ფორმულაა – ის მასობრივი უნდა გახადო. იყო დრო, როცა რედაქციებში ძირითადად განათლებული ხალხი ისხდნენ, სიტყვის ფასი იცოდნენ, რადგან წერა-კითხვაც კი განათლებიდან მოდიოდა. დღეს ანგარიშის გაწევა იმ ხალხისთვის გვიწევს, რომელსაც ძ და ხ, ან შ და წ ერევა. არითმეტიკა გვეუბნება, რომ დავით ყიფიანი და სვიმონ ღობეგლეჯიაშვილი ორი ადამიანია, ორივეს ცხოვრებას მოღვაწეობა უნდა ეწოდოს, ორივე ლეგენდა უნდა იყოს. თუ არ გჯერათ, ნახეთ, ლეგენდების მატჩებში ვინ თამაშობს.

განა სპორტი გამონაკლისია, ასეა ყველგან – მთაწმინდაზე ავიდეთ, ვნახოთ გალაკტიონისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის გვერდზე ვინ წევს.

იმისგან გამოსავალის ფორმულა მე არ მაქვს, რა პრობლემაზეც ახლა ვწერ, საყოველთაოა. მეცენატი გვჭირდება თუ ენთუზიასტები არ ვიცი, თქვენი მონა-მორჩილიც ხელფასზეა დამოკიდებული, მასაც ოჯახი ჰყავს და საკვები მის ოჯახსაც სჭირდება. პრობლემაზე ვწერ, რომელიც გვაწუხებს.

მგონია, რომ ჟურნალისტებს „ფერარი“ გვყავს და „გოლფივით“ ვატარებთ. ტექსტის წერისას იმაზე ფიქრი გვიწევს ვინმეს არ ეწყინოს. ჟურნალისტიკა კი მწარე სიმართლეა.

აღარც გვახსოვს, რომ აქილევსი არ იყო ისეთი დიდი, როგორი მაქებარიც ჰყავდა. ვაჟა-ფშაველა იმისა გამო არ უნდა დაიკარგოს, რომ ვიღაცებს არ ესმით. ის ხალხიც კი, რომელსაც 33 ასოს გარჩევა უჭირს, ხარისხს გუმანით გრძნობენ.

 

ავტორის პროფილი

გიორგი ხარშილაძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.