რა სჭირს პსჟ-ს? – კითხულობს ფრანგული საიტი footmercato. ლიგა 1-ის პირველ და მეორე ტურებში ზედიზედ ორი 2:2-ის შემდეგ ჩემპიონმა შინ წააგო მონაკოსთან 1:2. ამას დაამატეთ მარცხი „ლანსთან“ საფრანგეთის სუპერთასზე. პორტალი წერს, რომ მიზეზი რასაკვირველია სხვადასხვაა, მაგრამ ასეთი შედეგები მათთან ერთად მატვეი საფონოვის პირველ მეკარეობასაც აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.

რუსმა გოლკიპერმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ ახალ სეზონში 5 შეხვედრაში 8 გოლი გაუშვა.
პსჟ-ს წარუმატებლობაში მხოლოდ კრასნოდარელი არ არის დამნაშავე, მაგრამ „მონაკოსთან“ სტანის იდუმბოს გოლი, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა, მის კისერზე იყო.
საფონოვის არადამაჯერებელი თამაში შანსს უზრდის ფრანგ მეკარეს ლუკა შევალიეს. ამის შესახებ „ეკიპმაც“ დაწერა. შევალიე გასულ სეზონში თავიდან ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, მაგრამ შემდეგ ადგილი დაკარგა და იანვრის შემდეგ ერთი წუთი არ უთამაშია.
„ეკიპი“ ამბობს, რომ შევალიეს ტექნიკური შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენება შეუძლებელია, მაგრამ მას სხვა პრობლემა აღმოაჩნდა: დიდ შეხვედრებში სტრესს ვერ უმკლავდებოდა. გაზეთი ამტკიცებს, რომ ამის მიუხედავად პარიზში ჩრდილო საფრანგეთიდან გადმობარგებულ კარის მცველს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება, რასაც პსჟ-ში მისი ჯიუტად დარჩენა ამტკიცებს. და კიდევ, თავისი პრინციპების ერთგული ლუის ენრიკე რადიკალურ ცვლილებებს არასდროს ერიდება. ესპანელი მწვრთნელისთვის სტაბილურობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც კი ატყობს, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი საუკეთესო ფორმაში ვერ არის, მყისიერად სვამს მას სკამზე. ვინც გინდა იყოს და რა დამსახურებაც გინდა ჰქონდეს.
ამის ნათელი მაგალითია ჯანლუიჯი დონარუმა. იტალიელის ჩინებული თამაში ჩემპიონთა ლიგაში 2025 წელს მისი პსჟ-ში დარჩენის გარანტია ვერ გახდა.
ლუის ენრიკეს თვისება მიიღოს მკაცრი და დრამატული გადაწყვეტილებები ლუკა დინის მაგალითზეც მტკიცდება – კლუბმა საფრანგეთის ნაკრების მარცხენა მცველი „ასტონ ვილასგან“ იყიდა, მაგრამ… ლუის ენრიკემ ის „მონაკოსთან“ განაცხადშიც კი არ შეიყვანა.
ფრანგული გამოცემები, რომლებიც ვერ და არ მალავენ, რომ ლეგიონერებზე მეტად პსჟ-ს შემადგენლობაში ფრანგი ფეხბურთელების თამაშს მიესალმებიან, წერენ, რომ საფონოვს ჯერ კიდევ აქვს უპირატესობა, მაგრამ მას შეცდომის უფლება აღარ დარჩა და თუ სტაბილურად ძლიერად არ ითამაშა, შესაძლოა მისი ადგილი მალე შევალიემ დაიკავოს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/09/2026 | 07:09საფონოვს შეცდომის უფლება აღარ აქვს
აქეთურ-იქითური05/09/2026 | 09:25ლუის ენრიკე: მოგებას ჩვენ ვიმსახურებდით
მთავარი ამბავი05/09/2026 | 07:37განსხვავებული შეხედულებები კვარას თამაშზე
აქეთურ-იქითური04/09/2026 | 08:41ინგლისში დახურული შეხვედრა გაიმართა
