ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონასთან“ შეხვედრაში მძიმედ დაშავდა – მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ამ სეზონში მოედანს ვეღარ დაუბრუნდება. ნაკლებ კატეგორიულები რომ ვიყოთ, ასე ვთქვათ: ქართველი ვარსკვლავის გამოჯანმრთელებას მინიმუმ 6-7 თვე დასჭირდება.
„ეკიპმა“ ტრავმის შესახებ „სტრასბურის“ ყოფილ ექიმს ფრანსუა პიეტრას ჰკითხა.
„ყველა ადამიანის გამოჯანმრთელების პროცესი ინდივიდუალურია, მაგრამ ჯამში ის მაინც დაახლოებით ერთსა და იმავე დროის ჩარჩოებში ზის. უფრო ზუსტი პასუხის გაცემა ძნელია, რადგან კლუბმა მხოლოდ ჯვარედინი მყესის გაწყვეტაზე ილაპარაკა და არაფერი უთქვამს შესაძლო თანმხლებ ტრავმებზე, რომლებმაც შესაძლოა რეაბილიტაციის პროცესი შეანელოს. ზოგადად, მიმდინარე სეზონის დამთავრებამდე კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნება სასწაული იქნება. მითუფრო, რომ პროცესი ძალიან საფრთხილოა. გამოჯანმრთელების დროს ნებისმიერმა გართულებამ ფეხბურთელს შეიძლება ძალიან ცუდი საქმე გაუკეთოს“, – თქვა პიეტრამ, რომელსაც არ სჯერა, რომ კვარაცხელია გაზაფხულზე, ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრებში მაინც მიიღებს მონაწილეობას.

ამასობაში კი sports.fr-ს თქმით პსჟ ხვიჩას მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებასა იჩენს და სწორედ ახლა, მისი კარიერის უმძიმეს მომენტში აპირებს კონტრაქტის განახლებაზე დაუწყოს ლაპარაკი. ეს იმის დასტურია, რომ კლუბი მისი მადლიერია.
საიტის თქმით კლუბის დირექტორატის წარმომადგენლები ქართველი გარემარბის წარმომადგენლებს უახლოეს დღეებში შეხვდებიან და თანამშრომლობის 2032 წლამდე გაგრძელებაზე დაუწყებენ ლაპარაკს. ეს „პარკ დე პრენსზე“ 2025 წელს მისული ფეხბურთელისთვის ამჟამინდელი კონტრაქტის სამი წლით გახანგრძლივებას ნიშნავს.
„ეს ნიშნავს, რომ პსჟ კვარას არ დაივიწყებს. ის ფეხბურთელს ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უწყებს მოლაპარაკებას. პროცესი უკვე დაწყებულიც არის. ახლა მხარეებმა ორივესთვის მისაღები ხელფასი უნდა დათქვან. ქართველმა იცის, რომ მისი ფასი ორი ტოპ-სეზონის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ ორი სეზონიდან განსაკუთრებით წარმატებული მეორე იყო. თავის მხრივ პსჟ-ს სურს ხელფასებზე გარკვეული კონტროლი შეინარჩუნოს და კლუბის მენეჯმენტის მიერ შემუშავებული სახელფასო ჩარჩოებიდან არ გავიდეს. ეს პარიზელთათვის მნიშვნელოვანია, თუმცა იმავდროულად ისინი აპირებენ დიდი ტრავმისა და პრობლემის მიუხედავად თავიანთი გარემარბის მომავალი უზრუნველყონ“, – თქვა საფრანგეთში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა მედია-საშუალებამ „რადიო მონტე კარლომ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/10/2026 | 07:44დემბელეს და მარკინიოსის რამდენიმე კვირა
მთავარი ამბავი22/10/2026 | 06:49კვარას კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებენ
აქეთურ-იქითური21/10/2026 | 12:04რატომ გაიზარდა გოლების რაოდენობა ჩემპიონთა ლიგაში?
სიახლეები21/10/2026 | 09:19ჟორჟი ლივერპულის წინააღმდეგ