ჟორჟი ლივერპულის წინააღმდეგ

ჟორჟი ლივერპულის წინააღმდეგ

AS: მან ვან დაიკის პირველი შეცდომა ვერ გამოყენა, მაგრამ ცენტრალური მცველის მეორე საჩუქარი გოლად გადააქცია. ქართველმა მშვენივრად დაასრულა ეპიზოდი. ის ხაზებს შორის ბრწყინვალედ მოძრაობდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მეორე მხრივ, მან შესვენების წინ დაკარგა ბურთი, რის წყალობითაც „ლივერპულმა“ ანგარიში გაათანაბრა.

ასე შეაფასა „ლივერპულისა“ და „ვილიარეალის“ შეხვედრაში ჟორჟ მიქაუტაძის თამაში გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ. მატჩი რომელიც „ენფილდზე“ გაიმართა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა 4:3.

ანგარიში მე-4 წუთზე მიქაუტაძემ გახსნა. 29-ე წუთზე სერხი კარდონამ მეორე შეაგდო, თუმცა 36-ეზე ალექს მაკალისტერმა სხვაობა შეამცირა, ხოლო 45+2 წუთზე რონალდ არაუხომ გაქვითა.

შესვენების შემდეგ, 65-ე წუთზე მაკალისტერმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, ხოლო 68-ზე ფლორიან ვირტცმა მერსისაიდელთა მეოთხე გოლი შეაგდო. 87-ე წუთზე ტანი ოლივასეიმ შეხვედრას წერტილი დაუსვა – 4:3.

მიქაუტაძემ მოედანზე 60 წუთი დაჰყო.

„შეგვეძლო შესვენებაზე უპირატესობით გავსულიყავით. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ პირველი ტაიმი 2:2 დამთავრდა, რამაც განწყობის ვარდნა გამოიწვია, რამაც ჩვენზე იმოქმედა. მეორე მხრივ, ჩვენ ბოლო წუთამდე ღირსეულ წინააღმდეგობას ვუწევდით მოწინააღმდეგეს. როდესაც სამი გოლი გაგაქვს და პერიოდულად ნამდვილ, კარგ ფეხბურთს აჩვენებ, ესე იგი ცალკეულ შეცდომებზე უნდა გაამახვილო ყურადღება, – თქვა მატჩის შემდეგ „ვილიარეალის“ მწვრთნელმა ინიგო პერესმა.

„ლივერპულის“ კარს როგორც მოსალოდნელი იყო ალისონი იცავდა და არა გიორგი მამარდაშვილი, რომელიც „ენფილდზე“ მეორე მეკარედ მიიჩნევა, თუმცა ბრაზილიელს თავი არ გამოუჩენია. ასე მაგალითად flashscore-ს შეფასებით მან ლივერპულელთა შორის ყველაზე დაბალი შეფასება 5.9 მიიღო.

whoscored-მა ალისონს 6.0 დაუწერა და მასზე დაბალი ქულით მხოლოდ ვირჯილ ვან დაიკის თამაში შეაფასა – 5.6; sofascore-ის აზრით ალისონმა 5.9-ზე ითამაშა, ხოლო ვან დაიკმა 5.8-ზე; fotmob-ის აზრით ბეკერს ეკუთვნოდა 5.7, ვან დაიკს კი – 5.6.

გიორგი მიქაუტაძის შეფასებები:

flashscore – 7.2; whoscored – 7.2; sofascore – 7.5; fotmob – 7.5

შემდეგი შეხვედრა „ვილიარეალს” 3 ნოემბერს შინ „პარი სენ ჟერმენთან” ელის, ხოლო „ლივერპულს” იმავე დღეს სტამბოლში „ფენერბაჰჩესთან”.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.