პარასკევს სარაგბო ევროთასების ახალი ციკლი დაიწყო, ხოლო საფრანგეთში პარალელურად პრო დ2-ის მორიგი ტური გაიმართა.
ჩემპიონთა თასი
მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის სასტარტო ტურში მონაწილეობა 8 ქართველმა მორაგბემ მიიღო. ერთ-ერთმა მათგანმა, კერძოდ კი ბორჯღალოსანთა კაპიტანმა დავით ნინიაშვილმა ლელო გაიტანა. „ლა როშელმა“ სამხრეთაფრიკულ „ლაიონსს“ ბონუსით მოუგო – 31:14, ხოლო „ნინიმ“ თავისი ლელო პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა – 38-ე წუთზე ფრანგული კლუბის სწრაფი კონტრშეტევა მგეზავმა მარცხენა ფლანგზე ფეხით გადაკიდებით გააგრძელა, იქ კი სიჩქარეაკრეფილი ნინიაშვილი ბურთს საჭირო ადგილას დაუხვდა, ქარივით შევარდა აფრიკელთა ლელოში და ჩემპიონთათასზე თავისი მე-5 თამაში მე-4 ლელოთი აღნიშნა. ფენომენალური შედეგიანობაა! ჰო, დათუნას გარდა თამაშში მონაწილეობა სანდრო ქუნთელიამაც მიიღო.
თასის მოქმედი მფლობელი „ბორდო“ ინგლისში „გლოსტერს“ დაუზავდა – 36:36, ხოლო ბორდოელთა ქართველმა ბურჯმა ლაშა ფხაკაძემ უმძლავრესი 32 წუთი ჩაატარა.
„სტად ფრანსე“ აფრიკაში „ბულზს“ ვერ გაუძლო და ბონუსიანი გამარჯვება დაუთმო – 20:56. სერგო აბრამიშვილმა პარიზელთა როგებში ბოლო 21 წუთი გაატარა.
„კლერმონი“ შინ ირლანდიურ გრანდ „ლენსტერს“ ვერ გაუმკლავდა და მსხვილი სხვაობით დამარცხდა – 23:48. „ლენსტერმა“ ბონუსი აიღო, ხოლო გიორგი ახალაძემ „ვულკანებში“ 62 წუთი ითამაშა.

ლუკა ივანიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისმა „ბრისტოლმა“ აფრიკაში „სტორმერისგან“ მწარე მარცხი იგემა – 12:49.
გია ხარაიშვილის „რასინგ-92“-იც დამარცხდა, ოღონდ 8-ქულიანი სხვაობით – 25:33, რამაც ბონუსი არც მის გუნდს ააღებინა და არც ირლანდიურ „მანსტერს“
აი, საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა „პომ“ 5-ქულიანი გამარჯვება იზეიმა – ინგლისურ „ლესტერს“ 41:17 მოუგო. გურამ პაპიძე ბასკთა შორის 42-ეზე გამოჩნდა.
ჩელენჯ თასი
რანგით მეორე ევროტურნირზე ჩემპიონთა თასზე ნაკლებმა ქართველმა ითამაშა – ექვსმა, თუ, რა თქმა უნდა, „შავ ლომს“ არ ჩავთვლით.
ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქე „ტულონმა“ „ედინბურგს“ სტუმრად სძლია – 37:27, ბექაგიგაშვილმა ამ გამარჯვებაში 62-წუთიანი წვლილი შეიტანა.
„შავი ლომის“ იანვრის მეტოქე „ვანმა“ კი ლონდონში „ჰარლიქუინზთან“ გამანადგურებელი მარცხი განიცადა – 19:57. მიშიკო ალანიამ ახალ გუნდში პირველად ითამაშა და მოედანზე ბოლო 25 წუთი დაჰყო.
„პერპინიანმა“ უელსში „დრაგონსთან 14:29 დამარცხდა, ანდრო დვალმა კატალონიელთა შორის ერთი საათი ითამაშა, გიორგი თეთრაშვილმა – ბოლო 33 წუთი.
„ბაიონმა“ აფრიკულ „ჩიტასს“ რის ვაი-ვაგლახით მოუგო – 29:27. ლაშა მაჭარაშვილმა ბასკთა შორის დასკვნითი 28 წუთი გაატარა.

და ბოლოს, დებიუტის შესახებაც: 20-ოდე წლის მათე ღურწკაიამ სეზონი იჯარით რანგით მესამე ლიგაში – ნასიონალში დაიწყო, ძალიან მაგრადაც ითამაშა „ალბის“ რიგებში და „კასტრმა“ ჭაბუკის დაბრუნება განიზრახა. პირველმა მატჩმა კი იტალიური „ბენეტონის“ წინააღმდეგ მოუწია, მათე სასტარტოში იყო და 50 წუთიც ითამაშა. „კასტრმა“ 18:9 მოიგო, ანუ ღურწკაია ფეხბედნიერიც ყოფილა. ვულოცავთ!
პრო დ2
გელა აფრასიძემ პრო დ2-ში პირველი ლელო გაიტანა – მე-15 წუთზე ბურთი რაქიდან გამოიტანა და დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო. მისმა „ანგულემმა“ კი ბიარიცში ფრე გაახერხა – 27:27.
„ოიონაქსის“ ფენომენალურ თამაშს კი (7 ტურში 7 მოგება, მათ შორის 5 – ბონუსით) მისი მგეზავის, ლუკა მატკავას ასევე ფენომენალური თამაში დიდწილად განაპირობებს. ლუკა გუნდის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა, ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს და საკუთარ მიღწევებს ყოველ მატჩში აუმჯობესებს. „ვალანს რომანთან“ 51:25 მოგებულ საშინაო მატჩში კი მატკავამ კარიერის რეკორდი დაამყარა – 27 ქულა დააგროვა. სეზონის 7 მატჩის ჯამში მას უკვე 106 ქულა აქვს და გარდა ამისა, მატკავამ ვალანსელებთან მორიგი, მე-4 ლელოც იზეიმა – შერკინებიდან გამოტანილი ბურთი მიიღო და ხაზი ისე გაჭრა, მისი შეჩერების შანსი რომ აღარც არსებობდა.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:43ნინი, გელა და მატკავა-შოუ
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 20:52ავჭალაზე ჩაგდებული სტარტი
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:26შავი ლომის მეოთხე გამოწვევა
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:5337-კაციანი ლეგიონის ამბები
