38:10 და 29 სატურნირო ქულა – ასეთია ბორჯღალოსანთა მონაგარი მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ბოლო ტურის შედეგად.
„მიხეილ მესხზე“ მონოტონური წვიმის ქვეშ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გუნდი ყოველმხრივ დაჯაბნა, ყველა სათამაშო კომპონენტში პირწმინდად აჯობა და ბონუსიანი გამარჯვება ალალად დაიმსახურა. თამაშის ხასიათიდან და ძალთა რეალური ბალანსიდან გამომდინარე, ანგარიშში სხვაობა, შესაძლოა, მეტიც ყოფილიყო, მაგრამ რაც საბოლოოდ მივიღეთ, ისიც ისტორიული შედეგია. ჯერ ერთი, ამ გამარჯვებით ბორჯღალოსნებმა 30 შესაძლებელი ქულიდან 29 დააგროვეს, ერთი ტურით ადრე მოპოვებული საჩემპიონო ტიტული ოპონენტი ჯგუფის ჩემპიონთან სარეკორდო გამარჯვებით დაასრულეს, რადგანაც აქამდე საქართველოს აშშ-სთან ყველაზე დიდი სხვაობით მოგება 22:7 იყო. და საერთოდაც, აღნიშნული ტურნირის საშემოდგომო სესია ქართველებმა უბრალოდ ფანტასტიკურად ჩაატარეს – ამერიკელებსაც სარეკორდო სხვაობით მოუგეს, ტონგელებსაც და კანადელებსაც. პიერ-ანრი ბრონკანის მოსვლამ ბორჯღალოსნებს სერიოზული წინსვლა მოუტანა.
შედეგებსა და ციფრებს თავი რომ დავანებოთ, ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი აშკარა პროგრესს განიცდის – თითოეულ პოზიციაზე მნიშვნელოვანი საკადრო სიღრმეებია და თუ ეს ასე მხოლოდ შერკინებაში იყო, ახლა ამის თქმა უკანა ხაზის შესახებაც თამამად შეიძლება. და ეს იმ პირობებში, როცა ნაკრებს სულ ახლახან გამოეთხოვა სანდრო თოდუა, ხოლო გიორგი კვესელაძე და დემურ თაფლაძე ტრავმირებულები არიან. გუნდის სათამაშო მონახაზი აშკარად გამრავალფეროვნდა და ხელდახელ ულამაზესი ლელოებიც უკვე ჩვეულ ამბად იქცა. თვალი არ ეცეს და აქ დავასრულოთ ქება!

ახლა ციფრებსაც გადავაილთ თვალი. ლუკა ივანიშვილმა უბრწყინვალესი მატჩი ჩაატარა, რომელიც 2 ძალისმიერი ლელოთი აღნიშნა. ამიერიდან მას 36 კეპი და 9 ლელო აქვს. მართალია, ასეთივე ბრწყინვალებით აკა ტაბუცაძეს არ უთამაშია, მაგრამ დუბლი ქართველმა მელელოვე ფენომენმაც მიითვალა. ბორჯღალოსანმა გარემარბმა 66-ე სანაკრებო მატჩში ლელოების ანგარიში 58-ამდე აიყვანა და მსოფლიო რაგბის ისტორიაში მე-5 ადგილზე ერთპიროვნულად დამკვიდრდა, მე-4 საფეხურზე 60-ლელოიანი უელსური ლეგენდა შეინ უილიამსია და ეჭვგარეშეა, აკა მას დამდეგ თებერვალ-მარტში დაეწევა.
დარჩენილი ორი ლელო კი გიორგი შველიძემ და დაჩი პაპუნაშვილმა დადეს. გიორგისთვის ეს იყო მე-2 ლელო მე-12 მატჩში, ხოლო დაჩიმ ზემოთ ხსენებული ულამაზესი ხელდახელ შეტევის დაგვირგვინებით მიითვალა ასევე მე-2 სანაკრებო ლელო კი მიითვალა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ის იმავდროულად კარში დამრტყმელიცაა, მის ანგარიშზე 9 კეპი და 22 ქულაა.
ლუკა მატკავამ 6 ლელოდან 4 გარდასახა, 8 ქულა დააგროვა და ჯამში მას 43 კეპი და 341 ქულა აქვს. წინ მხოლოდ თედო აბჟანდაძე და მერაბ კვირიკაშვილი არიან.
ბექა გიგაშვილმა 50-ე კეპი მოიხვეჭა, ხოლო ვასილ ლობჟანიძემ – 110-ე! ვასკა ჯერ მხოლოდ 30 წლისაა, საუცხოო ფორმას ინარჩუნებს და არაა შორს ის დღე, როცა ბორჯღალოსანი 9 ნომერი ჯერ მერაბ კვირიკაშვილს (115 კეპი) დაეწევა, შემდეგ კი აბსოლუტურ ლიდერებს – ალექსანდრე თოდუასა და დავით კაჭარავას (122-122 კეპი). სხვათა შორის, მსოფლიო რაგბის ერთა თასი როგორც ამერიკელებს, ისე ქართველებს ამ უკანასკნელმა საზეიმო ვითარებაში გადასცა.
ესაა და ეს. ნაკრები თებერვლამდე დაისვენებს, ხოლო მისი წევრები თავთავიანთ კლუბებში დაბრუნდებიან და მომქანცველ სეზონს გააგრძელებენ. კიდევ ერთხელ, მადლობა გუნდს და მის მწვრთნელებს შესანიშნავი თამაშებისთვის. ბრავო, ბორჯღალოსნებო!
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
რაგბი22/11/2026 | 00:40მჭედლიძე აღარ ხუმრობს
მთავარი ამბავი22/11/2026 | 00:06ბრავო, ბორჯღალოსნებო!
სიახლეები20/11/2026 | 17:44ჩემპიონთა ჯახი მესხზე
სიახლეები15/11/2026 | 18:17საქართველო ჩემპიონია!
