პსჟ ახალ კონტრაქტებზე მუშაობს

პსჟ ახალ კონტრაქტებზე მუშაობს

„პარი სენ ჟერმენს“ საქმე კარგად მისდის. გუნდი ლიგა 1-ს ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგაში თამაშებს იგებს. 9 სექტემბერის შემდეგ პარიზელებმა ზედიზედ 11 შეხვედრა მოიგეს, გულშემატკივარი კმაყოფილია, მაგრამ არის კლუბის საქმიანობის კიდევ ერთი მხარე, რომელიც ეკრანზე არ ჩანს – დირექტორატი დახურულ კარს მიღმა ფეხბურთელების კონტრაქტების გახანგრძლივებაზე მუშაობს.

სექტემბერში პსჟ-მ ხელშეკრულებების განახლების პირველი ტალღის შესახებ გამოაცხადა. პირველ ტალღაში შედიოდა ლუის ენრიკეს ახალი კონტრაქტიც, ახლა კი მეორე ტალღის ჯერია. Canal+ -ის ინფორმაციით ოსმან დემბელეს საკითხი უკვე მოგვარებულია. 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ლაურეატთან მოლაპარაკებამ რამდენიმე თვეს გასტანა და თანამშრომლობის 2030 წლამდე გახანგრძლივებით დასრულდა.

2032 წლამდე გაახანგრძლივებენ კონტრაქტს დაშავებული ხვიჩა კვარაცხელია და კარგ ფორმაში მყოფი დეზირე დუე.

ჯანლუიჯი დონარუმას წასვლის შემდეგ გუნდში თითქოს მეკარის პრობლემა იდგა, მაგრამ მატვეი საფონოვმა მაინც შეძლო ლუის ენრიკეს ნდობის მოპოვება. რუსსაც 2031 წლამდე უხანგრძლივებენ კონტრაქტს.

Canal+ -ის ცნობით ერთი კვირის წინ დაიწყო მოლაპარაკებები გუნდის კაპიტან მარკინიოსთანაც, თუმცა ის 32 წლისაა და ამიტომ ლაპარაკი მხოლოდ თანამშრომლობის ერთწლიან გახანგრძლივებაზეა. ბრაზილიელი 2013 წლიდან გუნდშია. მან პსჟ-ს მაისურით ყველაზე მეტი, 531 თამაში ჩაატარა. სავარაუდოდ, ლეგენდარულ ფეხბურთელს კარიერის დამთავრების შემდეგ პარიზში სხვა საქმეში ჩართვაზე ურიგდებიან.

და ბოლოს, კლუბი აპირებს მოაგვაროს საკონტრაქტო საკითხი უორენ ზაირ-ემერისთან, ვიტინიასთან, აშრაფ ჰაკიმისთან და ნუნუ მენდეშთან. როგორც ჩანს მათაც 2032 წლამდე შესთავაზებენ თანამშრომლობის გახანგრძლივებას.

Canal+ აზუსტებს, რომ ამ მიმართულებით სამუშაო ჯერ მაინც ახალი დაწყებულია და პასუხი შესაძლოა უახლოეს ხანს არც იყოს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.