ბოლო დღეს ჩრდილოეთ ირლანდიამ პირველი გოლი გაუშვა

ბოლო დღეს ჩრდილოეთ ირლანდიამ პირველი გოლი გაუშვა

ჩრდილოეთ ირლანდიას 500 წუთის განმავლობაში გოლი არ ჰქონდა გაშვებული და იმის გამო, რომ ბოლო ტურში ბუდაპეშტში ანგარიშის გათანაბრება მოუხდა, სასაყვედუროდ ენა არავის მოუბრუნდება.

ჩრდილოეთ ირლანდიელებმა იცოდნენ: „პუშკაშ არენაზე“ ფრე ერთა B ლიგის მეორე ჯგუფში (სადაც საქართველოს ნაკრები ბოლო ადგილზე გავიდა) პირველობას და A ლიგაში აღზევებას მოუტანდათ. მატჩი მათთვის სასიკეთოდ არ დაიწყო. 35-ე წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. გოლი ბარნაბას ვარგამ შეაგდო. ეს იმას ნიშნავდა, რომ პირველად 2026 წლის შეჯიბრებაში მაიკლ ო’ნილის გუნდს ჩამორჩენის გამოსწორება უწევდა.

შეგახსენებთ, რომ ადრე ჩრდილოეთ ირლანდიელებს B ლიგაში ერთი თამაშიც კი არ ჰქონდათ მოგებული, მაგრამ წლეულს, შემოდგომაზე გულშემატკივრის წინაშე სულ სხვა გუნდი წარსდგა. ანგარიში ჯასტინ დევენიმ 65-ე წუთზე გაათანაბრა.

მატჩის შემდეგ ო’ნილმა თქვა: „დღეს ჩამორჩენის გამოსწორება მოგვიხდა და ეს ძნელი იყო. დიდი სტადიონი, დიდი ატმოსფერო… მაგრამ გავუძელით, მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ და რისთვისაც ჩამოვედით, მივაღწიეთ. ეს ყველაფერი ძალიან მახარებს. მიხარია, რომ ჩვენს ახალგაზრდულ გუნდს უკვე ასეთი თვისებები აქვს. ტექნიკური ასპექტის გამოსწორებაზე ყოველთვის ვიმუშავებთ, მაგრამ ტაქტიკური და მენტალური თვალსაზრისით  ძალიან წინ ვართ. არ მეგონა მოკლე დროში ასეთ დონეს თუ მივაღწევდით“.

პირველ ტაიმში უნგრეთს ბურთის ფლობაში დიდი უპირატესობა ჰქონდა: 70%. პლუს, მე-5 წუთზე „ლივერპულის“ ვარსკვლავმა დომინიკ სობოსლაიმ ძელს გაარტყა ბურთი. ერთი სიტყვით, პირველ ტაიმში მასპინძლებს შეეძლოთ უფრო დიდი ანგარიშითაც გასულიყვნენ წინ.

ო’ნოლმა პირველი ცვლილება შესვენებისას განახორციელა: მოედანზე ვეტერანი თავდამსხმელი ჯოშ მაგენისი შეიყვანა. თანდათანობით საქმეში ჩაერთნენ კირეან მორისონი, ბროდი სპენსერი და პოლ სმითი. მაგენისმა და მორისონმა თამაშს ხელი დაატყვეს.

ო’ნილი: „ჩემი გადასახედიდან პირველ ტაიმში ცოტა მძიმედ ვთამაშობდით, რაც არ გამკვირვებია. ვგრძნობდი, რომ ახალი ძალების მიშველება იყო საჭირო, მაგრამ ანგარიშის გათანაბრების რწმენა არ დამიკარგავს. ვფიქრობ, დღეს ბევრი ძლიერი თვისება გამოვავლინეთ და ამის წყალობით მეორე ტაიმი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც გვჭირდებოდა“.

ჩრდილოეთ ირლანდიელებმა 6 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს და 12 ქულა დააგროვეს. მათი წარმატება უფრო დაფასდება თუ გავიხსენებთ, რამდენი მაღალი დონის ფეხბურთელი აკლდა ო’ნილს ამ შეჯიბრებაში.

„ლივერპულის“ მცველი კონორ ბრედლი ბარძაყის ტკივილის გამო უკვე 12 თვეა რაც გუნდს ვეღარ ეხმარება, არადა ის თილისმის დარი ფიგურაა.

2026 წლის გათამაშებას აკლდა ალი მაკკანი, მცველი დენიელ ბალარდი კი საქართველოსთან პირველ შეხვედრაში დაშავდა, ორთავა კუნთი იტკინა.

ნოემბრის შეკრების დროს გუნდს გამოაკლდა არსენალელი კიდაჰ ო’ნილი, არადა მას დისკვალიფიცირებული ჯეიმი დონელის ყველაზე ლოგიკურ შემცვლელად მოიაზრებდნენ. დონელიმ უკრაინასთან შეხვედრაში მეორე ყვითელი მიიღო.

ო’ნილმა ოთხი წლის წინ ასაკოვანი გუნდი ჩაიბარა, მაგრამ დიდი რეორგანიზაცია ჩაატარა. შედეგად გუნდი ყოველ სანაკრებო კვირაში წინაზე უფრო ძლიერია.

„იმედისმომცემია, რომ ჩვენ მთელი რიგი ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან: ბრედლი, ბალარდი, ალი მაკკენი, ახალგაზრდა კიდაჰი და სხვა, – თქვა „სტოკ სიტისა“ და „ბლექბერნ როვერსის“ ყოფილმა მწვრთნელმა, – ახლა ყოველ ადგილზე მაღალი დონის კონკურენცია გვაქვს. სავარაუდოდ, ზოგ ფეხბურთელს სკამზე მოუწევს დაჯდომა, მაგრამ ჩვენ ისეთი გუნდის შექმნას ვაპირებთ, რომელიც შორს წავა“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.