„პარი სენ ჟერმენზე“ ხშირად ამბობენ, რომ ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელს ეძებს, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგის ორგზის მფლობელის ერთადერთი ამოცანა არ არის. გარემარბის გარდა პარიზელები მარცხენა მცველითაც ყოფილან დაინტერესებულები.
ალბათ ყველა, ვინც ეს ამბავი გაიგო გაოცდა, რადგან ზაფხულში პსჟ-მ სწორედ მარცხენა მცველის პოზიცია გაამაგრა, როდესაც „ასტონ ვილადან“ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი ლუკა დინი შეიძინა. იგულისხმებოდა, რომ დინი ნუნუ მენდეშის მარქაფაში იქნებოდა, მაგრამ გავიდა თითქმის ოთხი თვე და ფაქტის წინაშე ვდგავართ, რომ ფრანგს ლუის ენრიკე მაშინაც კი არ ენდობა, როდესაც მენდეში დაშავებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ 30 წლის ფეხბურთელმა მწვრთნელის იმედი ვერ გაამართლა.

სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის გარემოება, რომ „პარი სენ ჟერმენი“ ბარსელონელი ალეხანდრო ბალდეს შეძენით ყოფილა დაინტერესებული. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იტალიური გაზეთის „კორიერე დელო სპორტის“ ცნობით იმ გუნდებს შორის, რომელთაც 23 წლის მარცხენა მცველის შეძენა უნდათ საფრანგეთის ჩემპიონიც არის.
ბალდე ბარსელონაშია დაბადებულ-გაზრდილი. მას ესპანეთის ნაკრებში 7 თამაში აქვს ჩატარებული. ჰანსი ფლიკის“ ხელში ბალდე „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება (მიმდინარე სეზონში სულ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა), მისი ფასია 40 მილიონი ევრო და დიდი შანსია კატალონიელებმა ზამთარში ის იჯარით გაუშვან.
„პარი სენ ჟერმენის“ გარდა ალეხანდრო ბალდეს გადაბირება უნდათ „იუვენტუსს“, „მილანს“, „მონაკოს“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ლივერპულს“. „სპორტი“ წერს, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელის ინგლისში გაყიდვა ურჩევნია.
რატომ არ სწყალობს ფლიკი ბალდეს? ამბობენ, რომ გერმანელი მისი თავდადების ხარისხით არის უკმაყოფილო. ჭორები, თითქოს ფეხბურთელი „ბარსელონადან“ მიდიოდა აგვისტოშიც დაირხა და სწორედ მაშინ თქვა ფლიკმა: „მე ალეხანდროს ველაპარაკე. ავუხსენი, რომ ჩემთვის მთავარი თავდადებაა და მას ოსტატობის გაუმჯობესება სჭირდება“.
რა მოხდება მომავალში ჯერ უცნობია. საგულისხმოა, რომ ნაკრებში ბალდე პირველად ლუის ენრიკემ გამოიძახა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/11/2026 | 09:15რად უნდა პსჟ-ს ბარსელონელი?
სიახლეები17/11/2026 | 07:57იურგენ კლოპის გამანადგურებელი გუნდი
აქეთურ-იქითური16/11/2026 | 10:04მარკა: ჰიმნის დროს სტვენა უზრდელობაა!
სიახლეები16/11/2026 | 09:00ბელგიამ იტალია გაანადგურა
