ანდრაშ შეფერი: შესვენებისას მწვრთნელს ათი კაცის შეცვლა რომ შეძლებოდა ათივეს შეგვცვლიდა

ანდრაშ შეფერი: შესვენებისას მწვრთნელს ათი კაცის შეცვლა რომ შეძლებოდა ათივეს შეგვცვლიდა

საქართველოს ნაკრებმა ერთა B ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში შინ 0:2 წააგო უნგრეთთან. მატჩის შემდეგ უნგრული M4-ის მიკროფონებთან შეხვედრის შესახებ თავიანთი აზრი გამოთქვეს დიმინიკ სობოსლაიმ, ანდრაშ შეფერმა (რომელმაც ნაკრებში 50-ე მატჩი ჩაატარა), ბარნაბაშ ვარგამ და მეკარე ბალაჟ ტოტმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში სობოსლაის თამაში ტრავმის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მაგრამ უნგრელთა კაპიტანმა ღირსეულად იტვირთა ლიდერის როლი. მატჩის შემდეგ მან თქვა:

„დღეს ჩვენ საბრძოლო სულისკვეთების, გუნდური სულის, კარგი კუთხურისა და დარტყმის წყალობით მოვიგეთ. კუთხურებიდან შანსი რომ გვექნებოდა თავიდანვე ვგრძნობდით. რამდენიმე კარგად ჩავაწოდეთ, მეოთხე ჯერზე კი ბურთი შალაის შეეხო და საქართველოს ნაკრების კარში შევარდა (სინამდვილეში ლაშა დვალს შეეხო). რაც შეეხება ამ შეხვედრაში ჩემს მონაწილეობას: თავიდანვე 100 პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ ვითამაშებდი. ექიმები ასე დარწმუნებულები არ იყვნენ. ყოველ დღე პროგრესს განვიცდიდი, საკუთარ თავზე ვიყავი ფოკუსირებული.

მტკივანი ფეხით ერთნახევარი ვარჯიში ჩავატარე. შეხვედრის წინ, მოთელვისას, დარტყმის დროს დისკომფორტი ვიგრძენი და კინაღამ დავტოვე გუნდი, მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, რომ რაკი ასე შორს წამოვედი, ბიჭების ღალატი არ შეიძლებოდა. ახლა მთელი მკურნალობა თავიდან უნდა დავიწყო, რათა სამშაბათისთვის ფორმაში ვიყო“.

ბალაჟ ტოტი: „მეორე გოლი რომ გავიტანეთ ვიგრძენი, რომ ყველაფერი დამთავრდა. ჩვენ ამ შეხვედრაში დიდი გუნდური მონდომება ჩავდეთ. ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოედანზე მაშინაც საბრძოლო განწყობით უნდა იყო, როდესაც ცუდად თამაშობ. მატჩის მსვლელობისას საქმე არ მქონია. ბოლოს, კუთხურის შემდეგ ერთი დარტყმა მოვიგერიე, მაგრამ გაირკვა, რომ მანამდე ისინი შეფერზე დაჯარიმებულან. გუნდურობის თვალსაზრისით ბრწყინვალე მატჩი გვქონდა“.

ბარნაბაშ ვარგა: „მიხარია გოლი რომ გავიტანე. ოთხი ტურის შემდეგ შვიდი ქულა გვქონდა. პირველი ადგილისთვის ვიბრძვით. მეორე ტაიმი მთელმა გუნდმა უკეთესად ვითამაშეთ. მეც მქონდა ერთი ეპიზოდი, როდესაც თავური დავარტყი და ოდნავ ავაცილე. მადლობა ფანებს, ისინი ფანტასტიკურები იყვნენ“.

ანდრაშ შეფერი: „ეს ნაკრების შემადგენლობაში ჩემი საუკეთესო მატჩი არ იყო. ხანდახან ის უფრო ჭიდაობას ჰგავდა ვიდრე ფეხბურთს, მაგრამ ახლა პირველი ადგილისთვის ჩრდილოეთ ირლანდიელებთან ბრძოლა შეგვიძლია. პირველი ტაიმი ქართველებს დავუთმეთ. შესვენებისას მწვრთნელს ათი კაცის შეცვლა რომ შეძლებოდა ათივეს შეცვლიდა და ეს არავის უნდა გაგვკვირვებოდა. მეორე ტაიმში კი უკვე ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ. მეორე გოლიც ოსტატურად გავიტანეთ და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.