მარკო როსი: ასეთი საშინელი პრველი ტაიმი ოთხი-ხუთი წელიწადია არ გვქონია

მარკო როსი: ასეთი საშინელი პრველი ტაიმი ოთხი-ხუთი წელიწადია არ გვქონია

საქართველოს ნაკრებმა მორიგი მარცხი იწვნია – შინ უნგრეთთან 0:2. მატჩის შემდეგ უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა მარკო როსიმ ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი.

– რა იყო ის საკვანძო მომენტი, რომლის გამო უნგრეთმა დღევანდელი თამაში მოიგო?

– აშკარაა, რომ ეს იყო მეორე ტაიმში საქმისადმი დამოკიდებულების შეცვლა. გულწრფელად გეტყვით, ასეთი სუსტი პირველი ტაიმი ბოლო ოთხ თუ ხუთ წელიწადში არ გვქონია. აი, ეს არის სიმართლე. ჩვენ საშინლად, ნამდვილად საშინლად ვითამაშეთ. შესვენებისას ბიჭებს ვუთხარი, რომ უნდა დაწყნარდნენ და მეორე ტაიმში ამდენი შეცდომა აღარ დაუშვან. შესვენების შემდეგ კი გაცილებით ინტენსიური და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვერტიკალური ფეხბურთი ვითამაშეთ, რამაც საბოლოოდ კონტრშეტევით სახიფათო მომენტები შეგვაქმნევინა. მეორე ტაიმში ჩვენ უკეთ ვიღებდით გადაწყვეტილებებს, არ ვყოყმანობდით, ხშირად აღარ ვცდებოდით და სწორედ ამის წყალობით მოვიგეთ.

– რას ფიქრობთ საქართველოს ნაკრების თამაშზე, განსაკუთრებით შეხვედრის დასაწყისში?

– მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელია არ ჰყავდათ, ამ შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენი მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ ქართველებს. როგორც ადრე ვთქვი, ბევრი მათგანი ტოპ-ლიგაში თამაშობს. ამ შეხვედრაში საქართველოს გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევა შეეძლო. მათ დიდებულად დაიწყეს და მეტწილად მხოლოდ ბოლო პასს აფუჭებდნენ. კონტრშეტევაზე გოლიც კი გაიტანეს (რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა).

საქართველო უხერხული მეტოქეა. შესაძლოა მას მიმდინარე გათამაშებაში ეფექტურობა აკლია, მაგრამ გაიხსენეთ რამდენჯერ იყო გოლისგან სანტიმეტრებში. ჩვენი ჯგუფი ძალიან დაბალანსებულია. აქ ფაქტობრივად ყველაფერი ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. არ აქვს მნიშვნელობა რომელ მატჩს უყურებ, ყველა მათგანში გუნდებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა. თამაშამდეც ვამბობდი, რომ საქართველოს ნაკრებს პატივს ვცემ. მათ ამ შეხვედრაშიც აჩვენეს, თუ როგორი გუნდი ჰყავთ.

იყო კიდევ რამდენიმე შეკითხვა ცალკეულ უნგრელ ფეხბურთელებთან დაკავშირებით. მაგალითად, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის ანდრაშ შეფერი ან ვინ უნდა შეცვალოს ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრაში ვილი ორბანი და მილან ვიტალიში, რომელთაც თბილისში ყვითელი ბარათები მიიღეს, მაგრამ სავარაუდოდ ეს თემები ჩვენი მკითხველისთვის მნიშვნელოვანი აღარ არის.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.