როცა ბორჯღალოსნებმა „ავჭალაზე“ ტონგა 55:31 დაამარცხეს და მორიგ გამარჯვებას ზეიმობდნენ, ჯერ არავინ იცოდა, რომ ეს მოგება საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ტურნირში გამარჯვებას მოუტანდა. მაგრამ სწორედაც ასე მოხდა – თბილისურ მატჩზე ერთი საათით გვიან დაწყებული თამაში პორტუგალიისა და სამოას ნაკრებებს შორის სტუმარმა კუნძულელებმა პირწმინდად – 36:5 მოიგეს და ვინაიდან ქართველების ერთადერთი თეორიული კონკურენტი სწორედ „ლობუში“ იყო, ჩვენი ნაკრები ავტომატურად გახდა „მსოფლიო რაგბის“ 2026 წლის ერთა თასის მფლობელი.
ტურნირის დებულების თანახმად, სეზონის მიხედვით, გამარჯვებულად ორი გუნდი ცხადდება – ევროპა-აფრიკა-აზიის ზონაში ცალკე და ამერიკა-წყნარი ოკეანის რეგიონში – ცალკე.
ჰოდა, დღის ბოლოს არა მხოლოდ ქართველთა ჩემპიონობის ამბავი გაირკვა, არამედ ოპონენტ ჯგუფში აშშ-ის ნაკრების პირველობისაც. ამ ნაკრებს თავის 6-გუნდა პულში კონკურენტი ფაქტობრივად არ ჰყოლია, მთავარი იყო, თავად ამერიკელებს მოეგოთ და ჩემპიონობას გაინაღდებდნენ.
ასეც მოხდა. დღის დასკვნით მატჩში აშშ-ის ნაკრებმა ბუქარესტის „ტრიუმფალური თაღის“ სტადიონზე ოდესღაც მრისხანე მასპინძლებს გვარიანი ალიყური გააწნა – 7 ლელო გაუტანა და ბონუსით, 53:24 იმარჯვა. ამერიკელებმა 24 ქულას მოუყარეს თავი და მდევარ სამოელებს ბოლო ტურის წინ 7 ქულით დაუწინაურდნენ. ეს კი მიუწვდომელი დისტანციაა, ანუ აშშ-ის მორაგბეთა ნაკრები, ბორჯღალოსნების დარად, „მსოფლიო რაგბის“ 2026 წლის ერთა თასის პირველი მფლობელია.
შესაბამისად, ბოლო ტურში, 21 ნოემბერს საქართველოს და აშშ-ის ნაკრებები ერთმანეთს ჩემპიონების სტატუსში შეერკინებიან. მატჩი ვაკეში, „მიხეილ მესხზე“ 18 საათზე დაიწყება.
მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის მე-5 ტური
საქართველო – ტონგა 55:31
ჰონკონგი – კანადა 17:38
ზიმბაბვე – ურუგვაი 15:20
პორტუგალია – სამოა 5:36
ესპანეთი – ჩილე 20:25
რუმინეთი – აშშ 24:53
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/11/2026 | 18:17საქართველო ჩემპიონია!
სიახლეები14/11/2026 | 23:19ტონგა გავიარეთ, გამოუშვით ამერიკა!
აქეთურ-იქითური13/11/2026 | 14:02ბორჯღალოსანთა 300
აქეთურ-იქითური09/11/2026 | 17:04სუთიძის ლელოს ამარა
