„მსოფლიო რაგბის“ ერთა თასისა და ერთა ჩემპიონატის პარალელურად, საფრანგეთში შიდა ჩემპიონატის მატჩები გაიმართა – როგორც ტოპ 14-ში, ასევე პრო დ2-შიც. ვინაიდან ქართველი ლეგიონერების დიდი ნაწილი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, ორივე ხსენებულ ლიგაში ჯამურად 22 ჩვენებური ვიხილეთ. უფრო სწორად, 22 განაცხადში იყო, მაგრამ „ბეზიეს“ ახალწვეული ომარ ოდიშვილი თავისი გუნდის მარქაფაში დაუსაქმებელი დარჩა.
ტოპ 14
ლიგის ლიდერად მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ რჩება, რომელმაც გიორგი ძმანაშვილის „კლერმონს“ 28:18 სძლია და 32 ქულა დააგროვა.
ლიდერს კინკილა ქულით „პო“ ჩამორჩება, რომელმაც ლექსო ყაულაშვილისა და გურამ პაპიძის დახმარებით „პერპინიანს“ ბონუსით სძლია – 63:26.

მე-3 საფეხურზე 27 ქულით „მონპელიე“ ავიდა, რომელმაც „ლიონს“ ცხარე ბრძოლა მოუგო – 21:19. გამარჯვებულთა რიგებში მეორე ტაიმში ლუკა ჯაფარიძე გამოჩნდა, ხოლო ირაკლი აფციაური „ლიონის“ სასტარტოში იყო. მისი გუნდი 24 ქულით საპლეიოფო ექვსეულს ასრულებს.
ევროპის საკლუბო ჩემპიონმა „ბორდომ“ კი ვანში მოულოდნელი მარცხი განიცადა და 27 ქულით მეორედან მეოთხე საფეხურზე ჩამოქვეითდა. ლაშა ფხაკაძე ნაკრებში გამოძახებულთა სიიდან ტრავმის საბაბით ამოიღეს, თუმცა ვანში ის ბორდოელთა სასტარტოში კი იყო. საბოლოოდ, ლიგის ერთპიროვნულმა აუტსაიდერმა „ვანმა“ სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა – 23:14, და ამ წარმატებაში არცთუ მოკრძალებული წვლილი იოანე იაშაღაშვილმა დაიდო, ვინც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. მის გუნდს 9 ქულა აქვს, რაც 5-ით ნაკლებია, ვიდრე სახიფათო, მე-13 ადგილზე მყოფ „კასტრს“ დაუგროვდა.

ამ უკანასკნელმა შინ „რასინგ-92“-თან 28:30 წააგო და სანუგეშო ბონუსს დასჯერდა. მათე ღურწკაიამ კასტრელთა სასტარტოში დაიწყო მატჩი, ხოლო პარიზელებში მეორე ტაიმში გია ხარაიშვილი გამოჩნდა.
პრო დ2
უქმეების ერთადერთი ქართული ლელო საკუთარ ანგარიშზე შავ დღეში მყოფი „ბეზიეს“ კვაჭმა ნიკა სუთიძემ ჩაიწერა. „ლა როშელიდან“ პრო დ2-ში განათხოვრებულმა მორაგბემ „კოლომიესთან“ გასვლითი მატჩის 39-ე წუთზე მასპინძლები კი დაალელოვა, მაგრამ საბოლოოდ მამუკა მსტოიანის „კოლომიემ“ ბონუსით, 53:19 მოიგო. სუთიძემ ლიგის 5 მატჩში მე-2 ლელო მიითვალა, ხოლო „ბეზიე“ 10 ქულით ბოლოსწინა ადგილზე დარჩა.
ლიდერი კი 41 ქულით „პროვანსი“ გახდა, რომელმაც ყოფილ ლიდერ „ოიონაქსს“ უშუალო დაპირისპირებაში 32:23 აჯობა და 3 ქულით გადაუსწრო კუდეც. ორივე გუნდმა მატჩი ბორჯღალოსანი ქართველების დაუხმარებლად ჩაატარა.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/11/2026 | 17:04სუთიძის ლელოს ამარა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 21:569 ლელო კენაქსთან
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 21:14მეცხრე ამბავი
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 20:29კაპიტან გორგაძის 20
