ბრედლი ბარკოლა ამბობს, რომ „ლივერპულის“ გულშემატკივრებს მისი საუკეთესო თამაში ჯერ არ უნახავთ. შეგახსენებთ, რომ ფრანგი მარცხენაფლანგელი „ენფილდ როუდზე“ ზაფხულში 123 მილიონ გირვანქად გადავიდა.
24 წლის ვარსკვლავმა წითელი მაისურით 13 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა. გოლები მან ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა. პრემიერლიგაში ბარკოლას ჯერ თავი არ გამოუჩენია.

სამი გოლი ფრანგმა ერთ შეხვედრაში შეაგდო. ეს მოხდა LASK-თან შეხვედრაში, ორი საგოლე პასი კი შემდეგ ორ თამაშში ვიხილეთ – „ბრენტფორდთან“ და „ბრაიტონთან“.
ბოლოს „წითლებმა“ ორი შეხვედრა წააგეს „არსენალთან“ და „ფენერბაჰჩესთან“. ინგლისური მედია ერთხმად აღნიშნავს, რომ სტამბოლში ბარკოლა განსაკუთრებით უსახური იყო, თუმცა ამას მიზეზიც ჰქონდა – მწვრთნელმა ანდონი ირაოლამ მას პოზიცია შეუცვალა, ცენტრალურ თავდამსხმელად ათამაშა, რაც მისთვის უჩვეულო და მოუხერხებელი იყო.
ერთი სიტყვით, პარიზელთა ყოფილი ვარსკვლავი ინგლისს ჯერ ვერ გაუშინაურდა, თუმცა ინტერვიუში თქვა, რომ პსჟ დროულად დატოვა და სეზონის რთული სტარტის შემდეგ გულშემატკივარი მის საუკეთესო თამაშს აუცილებლად ნახავს.
„პსჟ დროულად დავტოვე. პარიზში რამდენიმე დიდებული წელიწადი გავატარე და დიდი რაოდენობის ტიტულიც მოვიგე, მაგრამ გამომშვიდობების დრო იყო.
რასაკვირველია ძალიან გამიჭირდა. ოჯახივით ვიყავით. ერთად რაღაც განსაკუთრებული გარემო შევქმენით. ძნელი იყო თანაგუნდელებთან განშორება, თუმცა ვერაფერს იზამ, ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება.
პრემიერლიგაში თამაშის ამბიცია კი სიყმაწვილიდან მქონდა და როდესაც „ლივერპული“ დამიკავშირდა ვიგრძენი, რომ ჩემს თავს რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა. წამით არ მიყოყმანია. იმთავითვე ვიცოდი, რომ „ლივერპულში“ უნდა გადმოვსულიყავი. აქ ბედნიერი ვარ, თუმცა იმავდროულად ვიმედოვნებ, რომ პსჟ-ში ყველაფერი კარგად მიდის.
რაც შეეხება ჩემს საუკეთესო ფორმას, არ მიმაჩნია, რომ „ლივერპულში“ მას უკვე მივაღწიე. აქ ჩემი კარგი თამაში ჯერ არ უნახავთ. მე და თანაგუნდელები ვმუშაობთ, რომ გუნდმა ჩემი საუკეთესო უნარები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. იმედი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ერთმანეთს კარგად გავუგებთ და მეც უკეთ და უკეთ ვითამაშებ. ჩემი აზრით საქმეები დღითიდღე უმჯობესდება“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/11/2026 | 10:05ბარკოლა: გამიჭირდა, მაგრამ პსჟ დროულად დავტოვე
აქეთურ-იქითური08/11/2026 | 08:38რეალში პსჟ-ს მეთოდი ინერგება
სიახლეები08/11/2026 | 06:40პსჟ-მ მოკრძალებული თამაშით მოიგო
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
