საქართველოს ბორჯღალოსნებმა „მსოფლიო რაგბის“ 2026 წლის ერთა თასის მე-4 ტურშიც იმარჯვეს – კანადის ეროვნულ ნაკრებს 9 ლელო გაუტანეს და 59:14 დაამარცხეს. ეს იყო სარეკორდო სხვაობით მოგება „კენაქსთან“ დაპირისპირების აწ უკვე 9-მატჩიან ისტორიაში.
მთლიანობაში პიერ-ანრი ბრონკანის მიერ მომზადებულმა გუნდმა კარგი თამაში აჩვენა, 9 მშვენიერი ლელო გაიტანა და სანახაობრივი რაგბიც ითამაშა, თუმცა ხარვეზებიც შეიმჩნეოდა. კერძოდ, გუნდმა ვერა და ვერ ააწყო დერეფანი და მოლი, ბოლო, სალელოვე პასიც ხშირად უზუსტო ან წუნიანი იყო. თუმცა, ამ მეტოქესთან უნაკლოდ რომ ეთამაშათ, ქართველები სამნიშნა ანგარიშს მიაღწევდნენ.
არადა, თავიდან ვითარება არცთუ უღრუბლო იყო, კანადელები ბორჯღალოსნებს წინააღმდეგობას უწევდნენ და როცა დაჩი პაპუნაშვილმა თამაშის დებიუტში პირველი სანაკრებო ლელოთი (რომელიც ლუკა მატკავამ კიდიდან ვერ გარდასახა) ანგარიში გახსნა, ჩრდილოამერიკელებმა საპასუხოდ ლელო-გარდასახვა 7-8 წუთში გაახერხეს და დაწინაურდნენ კიდეც, – 7:5.

ტაიმის შუისთვის აკა ტაბუცაძემ 64-ე სანაკრებო კეპი 53-ე (!) ლელოთი აღნიშნა, მატკავამ მეორე კიდიდანაც ააცილა, თუმცა ლიდერობა ბორჯღალოსნებს მაინც დაუბრუნდათ – 10:7. მაგრამ სტუმრებმა ჯიუტად შეგვიტიეს და კვლავ ლელო დაგვიდეს, რასაც გარდასახვაც დაურთეს და 14:10 დაწინაურდნენ.
ტაიმის დასკვნით 10 წუთში კი ბრონკანის ბიჭებმა ორი ლელო გაიტანეს და პირველი ნახევარიც 24:14 დაასრულეს. ჯერ იყო და ბორჯღალოსანთა კაპიტანმა დავით ნინიაშვილმა ვასკა ლობჟანიძის საუცხოო გადაცემით 52-ე სანაკრებო მატჩი მე-16 ლელოთი გაალამაზა, ხოლო ბოლო და ლამაზი შეტევა ლუკა ტაბატაძემ დააგვირგვინა, რომელმაც სანაკრებო დებიუტი ლელოთი დაამშვენა. მატკავამ მიზანი გაისწორა და ორივე ლელო გარდასახა
მეორე ტაიმში კი ყველაფერი კუთვნილ ადგილებზე დალაგდა – საჯარიმო ლელოს ჩათვლას ბორჯღალოსნების გალაღება მოჰყვა და მათ კიდე 4 ერთი მეორეზე უკეთესი ლელო გაიტანეს. ბექა გიგაშვილმა გარემარბის პოზიციიდან დაალელოვა კანადელები და ეს იყო მისი მე-5 ლელო 48-ე სანაკრებო მატჩში, შემდეგ თორნიკე კახოიძემ გელა აფრასიძეს მახვილგონივრულობა დაუფასა და 24-ე კეპი მე-7 ლელოთი აღნიშნა, ხოლო ბოლო 8 წუთში ჯერ აკა ტაბუცაძემ გაიფორმა დუბლი და 54-ე ლელო ჩაიწერა მდიდარ ანგარიშზე, გაწითლებულ დროში კი ვანო კარკაძემ იშვიათად გამოსული მოლი მე-12 პირადი ლელოთი დააგვირგვინა, რისთვისაც მას მხოლოდ 33 კეპი ეყო. ლუკა მატკავამ ყველა ჩამოთვლილი ლელო უზუსტესად გარდასახა და პირად ანგარიშს 12 ქულა შესძინა, რის შემდეგაც ჩვენი ნაკრების მთავარი დამრტყმელი თავს 41 კეპითა და 318 ქულით იწონებს.

59:14 კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა და 19 ქულით ერთა თასის ეროპა-აზია-აფრიკის ექვსეულს ლიდერობს. მეორეზე 17-ქულიანი პორტუგალიაა, რომელმაც საკუთარ მოედანზე ჩილეს ბონუსით, 36:15 სძლია, მესამეზე ესპანეთია, რომელმაც ურუგვაის რის ვაი-ვაგლახით, 18:12 მოუგო და 12 ქულა აქვს. მე-4 საფეხურზე 11 ქულით რუმინეთია, რომელმაც შინ ტონგასთან მხოლოდ 2 ნუგეშ-ქულა მიიღო – 38:43.
14 ნოემბერს, „ავჭალაშივე“, საქართველოს ნაკრები ხსენებულ ტონგას უმასპინძლებს. დასაწყისი – 18 საათზე.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/11/2026 | 21:569 ლელო კენაქსთან
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 21:14მეცხრე ამბავი
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 20:29კაპიტან გორგაძის 20
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 16:01მატკავას ქულები და 7 ლელო
