დარჩა დიდი სიცარიელე

დარჩა დიდი სიცარიელე

ორი ტიტანი, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ (ბევრისთვის კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი) ერთ თვეში დაემშვიდობა სანაკრებო ფეხბურთს. დარჩა უზარმაზარი სიცარიელე. დღეს წერენ, რომ მათ გარეშე მსოფლიო ძველებური აღარ იქნება.

მესიმ და რონალდუმ 20 წელიწადზე მეტი გაატარეს უმაღლეს დონეზე. კრიშტიანუმ 234 სანაკრებო შეხვედრაში 146 გოლი გაიტანა. ეს რეკორდია. ის გახდა ევროპის ჩემპიონი (2016) და ორჯერ მოიგო ერთა ლიგა (2019, 2025).

მესიმ არგენტინის ნაკრებში 208 შეხვედრაში 126 გოლი შეაგდო. ის გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (2022) და ორჯერ მოიგო კოპა ამერიკა (2021, 2024).

საინტერესოა, რომ სანაკრებო დონეზე რონალდუ და მესი მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორივეჯერ ამხანაგურ შეხვედრაში. პირველად ეს მოხდა 2011 წელს, ჟენევაში, სადაც არგენტინამ პორტუგალიას 2:1 მოუგო. ამ მატჩში გოლი მესიმაც გაიტანა და რონალდუმაც. მეორედ კი 2014 წელს მანჩესტერში პორტუგალიამ გაიმარჯვა 1:0. ამ დღეს ბურთი ვერც კრიშტიანუმ შეაგდო და ვერც ლეომ.

ესპანურ გაზეთ AS-ს დააინტერესა დიდ ვარსკვლავთა რომელ წყვილს შეუძლია შეუტიოს მესი-რონალდუს რეკორდებს.

ერთი შეხვედრით სტატისტიკურად ყველაზე ახლოს კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი არიან. 26 წლის ნორვეგიელს 59 შეხვედრაში 65 გოლი აქვს გატანილი ანუ საშუალოდ მატჩში ერთ გოლზე მეტი. მან ნორვეგიის ნაკრები ტოპ-კონკურენტუნარიან გუნდად აქცია – მსოფლიოს ჩემპიონატზე თვით ბრაზილია გამოთიშა შეჯიბრებიდან. 27 წლის ფრანგი კი საოცარ სტატისტიკას აგროვებს. მან „ლურჯების“ შემადგენლობაში 107 შეხვედრაში 67 გოლი გაიტანა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში 22 გოლით უკვე საუკეთესო ბომბარდირია.

37 სანაკრებო შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი 19 წლის ლამინ იამალს – ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს. ჰარი კეინს ინგლისის ნაკრების ფორმით 125 თამაშში 91 გოლი გაუტანია, მაგრამ აგერ უკვე 33 წლისაა და სანაკრებო ტიტული ჯერ არ მოუგია.

საბოლოოდ AS ასკვნის, რომ ფეხბურთის ისტორიის ამ ეტაპზე მესისა და რონალდუს ბადალი არათუ დონით და გავლენით არამედ სტატისტიკურადაც არავინ ჩანს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.