საქართველოს ბორჯღალოსნები პიერ-ანრი ბრონკანის ხელში აშკარა პროგრესს განიცდიან. ჩვენი ქვეყნის მორაგბეთა ნაკრები მატჩიდან მატჩამდე თამაშის ხარისხს აუმჯობესებს და ამის პარალელურად შესანიშნავ საშეჯიბრო შედეგებსაც აღწევს.
ყოველ შემთხვევაში, ის რაგბი, რომელიც საქართველომ ტონგელების წინააღმდეგ ითამაშა, უკეთესი იყო, ვიდრე კანადელებთან ნაჩვენები, კანადელებთან თამაში ხარისხობრივად ჩილელებთან ივლისში მოგებას სჯობდა და ასე შემდეგ – პროგრესი მატჩიდან მატჩამდე სახეზეა.
ტონგა ჩილეზეც მაგარია და კანადაზეც, ამდენად, ასეთი დონის გუნდთან 8 ლელოს გატანა და 55 ქულის გაკეთება ბევრს უნდა ნიშნავდეს. თან საკუთრივ ტონგასტან 24-ქულიანი სხვაობით გამარჯვება ისტორიული მიღწევაა. 55:31 – ასეთი ანგარიშით სძლია საქართველოს ნაკრებმა ტონგას და ისტორიაში მე-300 მატჩი ეფექტური გამარჯვებითაც გაალამაზა. შემტევი ბონუსის მითვლით ჩვენს გუნდს მორიგი, ზედიზედ მესამე 5-ქულიანი გამარჯვება გამოუვიდა და რომ არა სახიფათო სამოასთან ფრთხილი და პრაგმატული მოგება ბონუსის გარეშე, დღეს ბორჯღალოსნებს „მსოფლიო რაგბის“ ერთა თასის 5 ტურში ქულათა შესაძლო მაქსიმუმი ექნებოდა, თუმცა, 5 მატჩში 24 ქულაც დიდოსტატური მაჩვენებელია. იმედია, ბოლო ტურში, 21 ნოემბერს, ვაკის „მიხეილ მესხი“ კიდევ ერთი ლამაზი გამარჯვების მოწმე გახდება – 18 საათზე ქართველები აშშ-ის ნაკრებს უმასპინძლებენ, რომელიც მე-5 ტურამდე ბორჯღალოსნების ანალოგიური შედეგით, 19 ქულით მივიდა.

რაც შეეხება „ავჭალაში“ დაფიქსირებულ გამარჯვებას, გავმეორდებით და ვიტყვით, რომ ის ძალზე ეფექტური, სწრაფი, ძალისმიერი და ორგანიზებული თამაშის შედეგი იყო. შეხვედრის მართვა მთავარია, რაც კუნძულელებს უნდა დაუპირისპირო, თორემ გადაგჯეგავენ, გაგგლეჯენ და გადაგიფრენენ. ეპიზოდურად ტონგელებს მსგასვი რაღაცები გამოსდიოდათ და მათი 5 ლელოც ამის დასტურია, მაგრამ მათ წინააღმდეგ იდგა გუნდი, რომელმაც ტოლი არაფერში დაუდო. უფრო მეტიც – შერკინება დომინირებდა, უკანა ხაზი საოცარ ტემპში ბურთაობდა. თითოეული ბორჯღალოსანი დაკისრებულ ფუნქციას უმაღლეს დონეზე ასრულებდა და თუ დაცვაში ერთ-ორი შეცდომა დაუშვეს, შეტევაში თითქმის ყველაფერი გამოსდიოდათ. საყურებლადაც ლამაზი და ხარისხიანი თამაში გამოვიდა.
რაც შეეხება ქართულ ლელოებს, ჯერ ვანო კარკაძემ მიითვალა დუბლი და პირადი სანაკრებო ანგარიში 14 ლელომდე გაზარდა; მერე ვასკა ლობჟანიძემ დაჩი პაპუნაშვილის ჯადოსნური სოლო-რეიდი დააბოლოვა და ამიერიდან 20 სანაკრებო ლელოთი იწონებს თავს. ლუკა მატკავამ ამ სამიდან ორი ლელო გარდასახა, მანამდე კი ანგარიში ზუსტი ჯარიმით გახსნა. ტაიმი 22:14 მოვიგეთ.

მეორე ნახევრის დებიუტში რეფერიმ ტაბუცაძე გაასინბინა და ტონგელებმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს – 22:21. მაგრამ კაცნაკლულმა ქართველებმა უმალ უპასუხეს – კაპიტანმა დავით ნინიაშვილმა ტონგელები უყურადღებობისთვის დასაჯა- 29:21. ეს იყო „ნინის“ მე-17 ლელო და 124-ე ქულა. მერე სინბინიდან დაბრუნებული აკა ტაბუცაძე ფლანგზე ყველას გაექცა – 36:21 კიდევ რამდენიმე წუთში ბექა საღინაძემ კარიერაში მე-6 სანაკრებო ლელო მიითვალა – უკანახაზელივით შევარდა მეტოქის ჩათვლის მოედანზე და ანგარიში 43:21 გახდა. მერე იყო სამი გარდაუსახავი ლელო – ორი ტონგელებისა და ერთი ტაბუცაძის, რომელმაც ამ დუბლით სანაკრებო ლელოების არანორმალურ რიცხვს უწია – 56-ს!
ანგარიში ბოლო წუთამდე 48:31 რჩებოდა და გელა აფრასიძემ სწორედ ამ მომენტში გამოიჩინა თავი – სანაკრებო მონაგარი 10 ლელოსა და 70 ქულას გაუტოლა, ლუკა მატკავამ გარდასახა, თავის მხრივ მატჩი 15 ქულით დაასრულა, რამაც 42 სანაკრებო მატჩში 333-ქულიან ნიშნულს მიაღწევინა. ყოველივემ კი 55:31 მოგვცა და საქართველოს ნაკრები აშშ-ის მოლოდინშია.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები14/11/2026 | 23:19ტონგა გავიარეთ, გამოუშვით ამერიკა!
აქეთურ-იქითური13/11/2026 | 14:02ბორჯღალოსანთა 300
აქეთურ-იქითური09/11/2026 | 17:04სუთიძის ლელოს ამარა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 21:569 ლელო კენაქსთან
