კერიკი წავიდა, პოჩეტინო გზაშია

კერიკი წავიდა, პოჩეტინო გზაშია

მაურისიო პოჩეტინო „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელობას დაყაბულდა, თუმცა ბეჭედდარტყმული ჯერ არაფერია. ნაღდი ის არის, რომ „იუნაიტედმა“ მაიკლ კერიკი გაათავისუფლა, კანდიდატთა შორის კი ფავორიტი პოჩეტინოა.

მოგეხსენებათ არგენტინელი აშშ-ის ნაკრების მწვრთნელია. ამერიკელებისგან მის გამოსასყიდად მანჩესტერელებს, ინგლისური ფულით რომ ვთქვათ, 7.4 მილიონი გირვანქა (10 მილიონ დოლარამდე) აქვთ გადასახდელი. ამბობენ, რომ კლუბი ამ თანხის გადახდას აპირებს.

ინგლისურ მედიაში დაიწერა, თითქოს პოჩეტინო და „იუნაიტედი“ ორწელიწადნახევრიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.

მაიკლ კერიკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

აგრეთვე გავრცელდა ცნობა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ახალ მწვრთნელთან დაკავშირებული ოფიციალური განცხადება შეიძლება პარასკევს ანუ დღესვე გააკეთოს.

მაურისიო პოჩეტინო 54 წლისაა და „იუნაიტედს“ პირველად სავარაუდოდ 22 ნოემბერს „ლივერპულთან“ შეხვედრაშივე უხელმძღვანელებს. ახლა ევროპულ ფეხბურთში სანაკრებო კვირეულია.

ამბობენ, რომ არგენტინელი აშშ-ს ნაკრებს კონკაკაფის ერთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ჰაიტის წინააღმდეგ უხელმძღვანელებს. ეს მატჩი საქართველოს დროით ზეგ, 15 ნოემბერს ღამის ორის ნახევარზეა. პოჩეტინო ამერიკაში ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით აშშ-ს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.