მბაპე საფრანგეთის ნაკრების პრობლემაა?

მბაპე საფრანგეთის ნაკრების პრობლემაა?

საფრანგეთის ნაკრებმა იტალიასა და თურქეთთან თამაშებისთვის მზადება დაიწყო. ფრანგების თავკაცმა ზინედინ ზიდანმა თავდაპირველად გამოძახებულ ფეხბურთელთა სიაში რამდენიმე ცვლილება შეიტანა. ტრავმების გამო გუნდს გამოაკლდნენ პიერ კალულუ (ლიონი) და მარკუს ტურამი (ინტერი). მათ ნაცვლად კლერფონტენში შეკრებაზე ჩავიდნენ საელ კუმბედი (ვოლფსბურგი) და ელი კრუპი (ლირიანი). სულ ბოლოს გუნდს გამოაკლდა „რეალის“ ჩამშლელი ნახევარმცველი აურელიენ ჩუამენი.

ფრანგული პრესა წერს, რომ ზიდანს გამორჩევით კილიან მბაპეს საკითხი აწუხებს. ამჯერად მნიშვნელოვანია მადრიდელთა ვარსკვლავის არა მარტო სპორტული ფორმა, არამედ თანაგუნდელებთან ურთიერთობაც – მოგეხსენებათ მბაპე „ლურჯების“ კაპიტანია.

ოსმან დემბელეს არყოფნაში მწვრთნელი მბაპეს, სავარაუდოდ, მარცხენა გარემარბად აღარ გამოიყვანს და ერთადერთი თავდამსხმელის როლს მიანიჭებს. ამ ექსპერიმენტის ჩატარება ზიდანმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ შეხვედრაში, სტამბოლში თურქეთთანაც სცადა, მაგრამ იმ დღეს კაპიტანმა მუხლი იტკინა და 54-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.

გარდა ამისა, მედიაში ჯერ კიდევ პირველი შეკრების დროს გამოჟონა ინფორმაციამ, რომ მბაპეს დაძაბული ურთიერთობა აქვს დემბელესთან. „ეკიპის“ ცნობით მადრიდელმა პსჟ-ს ფორვარდს WhatsApp-ით ყველაფრის გარკვევა და მოგვარება შესთავაზა, რაზეც დემბელემ უბრალოდ არ უპასუხა. არ-პასუხი თავის მხრივ მბაპეს ეწყინა. ურთიერთობის დაძაბვა ბოლო თვეებში „ოქროს ბურთის“ გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა.

ფრანგული მედია წერს, რომ სექტემბრის შეკრებამ „ლურჯების“ ბანაკს დაღი დაასვა. არადა, ის შეკრება მბაპესთვის დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან დაშავდა და კლუბში დაბრუნდა. წერენ, რომ ბოლოხანს ფეხბურთელი უფრო გულჩათხრობილი გახდა, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებშიც შეინიშნებოდა. არადა, თითქოს პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, რადგან მას გარს ეკრნენ მეგობრები: ტურამი, ოლისე და შერკი.

საერთოდ, დემბელეზე ამბობენ, რომ მხიარული ადამიანია და გარშემო მყოფებზე დადებითად მოქმედებს, თუმცა მბაპესთან კონფლიქტი საფრანგეთის ნაკრებისთვის აშკარად უარყოფითი მოვლენაა. ზოგი ყველაფერს მბაპეს აბრალებს. „რეალის“ ფორვარდს თავიდანვე უნდა ეგრძნო, რომ ყოფილ ამხანაგთან ურთიერთობაში შორს შეტოპვა არ შეიძლებოდა. თან ის ცდილობდა ღირსეული კაცის იმიჯი შეენარჩუნებინა, რაც თურმე ყოველთვის კარგად არ გამოსდიოდა. აი, მაგალითიც: „ეკიპი“ ამბობს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში იყო შემთხვევები, როდესაც მბაპე უეცრად ყურადღებას იჩენდა რომელიმე თანაგუნდელის ან პერსონალის წევრის მიმართ, რაც მისი მხრიდან მოულოდნელი და უჩვეულო საქციელი იყო. ვარაუდობდნენ, რომ ამას ის კარგი ბიჭის სახელის მოსაპოვებლად ხელოვნურად აკეთებდა.

ამჯერად ვითარებას მისი ახლო მეგობრის ტურამის არყოფნაც ამძიმებს. ტურამი მას თანაგუნდელებთან ურთიერთობის დალაგებაში ხშირად ეხმარება.

საბოლოოდ, ამბობენ, რომ მბაპეს პოზიცია გუნდში ცვალებადია და ეს საკითხი ზიდანმა სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს, მითუფრო რომ „რეალის“ ფორვარდი კაპიტანია. თუმცა, საკითხს მეორე მხარეც აქვს. მადრიდელის ლიდერობას უპირველეს ყოვლისა მისი თამაში განაპირობებს და არა პიროვნული თვისებები და ეს მან თავისი გოლებით იმავე აშშ-ში, მუნდიალზე დაამტკიცა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.